მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საზოგადოებას პარლამენტის სხდომათა დარბაზ

საქართველოს პრეზიდენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საზოგადოებას პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას დაესწრო. კენჭისყრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას ეს დღე მიულოცა, ხოლო ქვეყანას შემდგომი წინსვლა უსურვა. "მიხარია, რომ დღეს ვარ საქართველოს პარლამენტში, სადაც ასეთი ერთსულოვნება სუფევს. მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა - ყველა გაერთიანებული ვართ ერთი იდეით. მინდა მოგილოცოთ ეს ერთიანობა. მსურს მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ამ გრძელი გზის წარმატებით გავლაში. ევროპას და ევროპელებს, უპირველესად კი, ქართველებს, როგორც ევროპის შემადგენელ ერს, მინდა მივულოცო ის, რომ დღეიდან ევროპა კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო სტაბილური და კულტურულად კიდევ უფრო მრავალფეროვანია. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ყველას. გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულია. დარბაზში მყოფმა 123-მა დეპუტატმა დოკუმენტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

Add to Twitter Add to Facebook