მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება იმ გზაზე გაამახვილა, რომელიც საქართველომ ასოცირების  ხელშეკრულების ხელმოწერამდე განვლო. მისი თქმით, ამ მომენტიდან იწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელმაც გააერთიანა არა მხოლოდ სახელისუფლებო გუნდი არამედ მთელი ქართული საზოგადოება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, გაფორმდება შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და  საქართველოს ეკონომიკისთვის გაიხსნება ევროპული ბაზარი. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ეწვია დელეგაცია, რომელიც საქართველო-ევროკავშირის მომავალ თანამშრომლობას კონკრეტული ეკონომიკური პროექტების ჭრილში განიხილავს.

„მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ასოცირების ხელშეკრულება - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი, მაგრამ ჩვენთვის, ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ქართული  საზოგადოებისთვის, ეს ამ ეტაპის დასაწყისია.  ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ ევროკავშირის წევრობისკენ მიმართულ პოლიტიკას და ამ არჩევანს მომავალში ქართული საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთად მოვიყვანთ სისრულეში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  

„მიგულეთ საქართველოს მეგობრად“, - ასე მიმართა ჟოზე მანუელ ბაროზომ ქართულ საზოგადოებას სიტყვით გამოსვლისას. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მისი ვიზიტის მიზანი და გზავნილი ნათელია - ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს ერთიან, დემოკრატიულ, აყვავებულ ქვეყანას. როგორც მან აღნიშნა, ეს არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი ევროკავშირის პოზიციაა, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრად მიიჩნევს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ყურადღება იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანამ წარმატებით განახორციელა და განაცხადა, რომ ეს პროცესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს. ჟოზე მანუელ ბაროზო თვითმმართველობის არჩევნების თემასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიმართება.

„ჩვენი მუშაობის დღის წესრიგი არის იმ საკითხების იდენტიფიცირება, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდგომი 3 წლის განმავლობაში ამ ხელშეკრულების აღსრულების თვალსაზრისით. პრეზიდენტთან საუბრისას, შევთანხმდით, რომ საქართველო ივლის პოლიტიკური პლურალიზმის, მასმედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის გზით, რაც ჯანსაღი და განვითარებული დემოკრატიის მთავარი მახასიათებელია... მიზნების მისაღწევად საჭიროა რეფორმების განხორციელება და ევროკავშირთან დაახლოება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გზით, რომელიც 27 ივნისს ბრიუსელში გაფორმდება.“, - აღნიშნა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროს ხელშეწყობა უმუშევრობისა თუ სხვა პრობლემების მოგვარების ძირითადი გზაა.

„ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ, წარმატებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ეროვნული იდეა, რომელსაც მხარს უჭერს ყველა პოლიტიკური ძალა, მთელი საზოგადოება. ჩვენი პარტნიორობის ამოცანაა დაგეხმაროთ, რათა აღასრულოთ თქვენი ამბიციები. ევროკომისია საქართველოს თავს არაფერს ახვევს. საქართველომ თვითონ გააკეთა ეს არჩევანი და ჩვენ ვართ აქ, რომ დაგეხმაროთ... ასოცირების ხელშეკრულება ხალხისთვის მეტი შესაძლებლობების გახსნის ხელშეკრულებაა. სწორედ ეს სურს ევროკავშირს. ეს გახლავთ სტაბილური, ეკონომიკურად განვითარებული საქართველო. თქვენ აირჩიეთ ევროპული გზა  და გვსურს, რომ ამ გზაზე თქვენი პარტნიორები ვიყოთ“, - განაცხადა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

პრესკონფერენციის მსვლელობისას, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის და ქვეყნის მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. 

Add to Twitter Add to Facebook