მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა. შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა  და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესასრულებელი ამოცანები განიხილეს. საუბარი შეეხო  საქართველოში მიმდინარე და განსახორციელებელ რეფორმებს,  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ამ მიმართულებით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს  ახალ კონსტიტუციაზეც, რომლის მიხედვით, სახელმწიფოში ძალთა ბალანსი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება უზრუნველყოფილი იქნება. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობის, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებთან ე.წ. სასაზღვრო ზოლის გაფართოების საკითხს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო მყარი ნაბიჯებით აგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ, რაც უნდა აისახოს კიდეც ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე.   

„ჩემმა მეგობარმა ზურაბ ჟვანიამ ევროპის საბჭოში თქვა ისტორიული ფრაზა: "მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი". ამ გზაზე მოძრაობა კვლავაც გრძელდება. ჩვენ კოლეგებთან ერთად დღეს უკვე იმის თაობაზე ვსაუბრობთ, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს ადამიანის უფლებების დაცვა, როგორ უნდა განხორციელდეს ევროპული რეფორმები და როგორ უნდა ვიმუშაოთ დეტალურად იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი, რათა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და აისახებოდეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ტორბიორნ იაგლანდმა ქვეყნის პირველ პირს გააცნო სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას. მისი თქმით, იგი მიესალმება იმ ფაქტსაც, რომ ამ გეგმის დაწყება სწორედ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 15 წლისთავს დაემთხვა.    

„აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ წარმოვადგინო სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ. ის შეეხება სავალდებულო რეფორმებს, რომელთა განხორციელებაში ჩვენ  შეგვიძლია ჩავერთოთ და დახმარება გაგიწიოთ. ხაზგასმით აღვნიშნე ის, რომ აუცილებელია მუშაობა გაგრძელდეს სასამართლოს ეფექტიანობისთვის, რათა ის პოლიტიკურად დამოუკიდებელი იყოს. რა თქმა უნდა, ასევე განვიხილეთ ადამიანის უფლებათა და მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ძირითადი საკითხები. ჩვენ  ვაკვირდებით  ყველა მოვლენას და გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველო სწორ გზას ადგას. ის ფაქტი, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება პარაფირებულია და მოხდება მისი ხელმოწერა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს სიტყვებს. ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ, რათა ამ საკითხებთან დაკავშირებით წინ წავიდეთ“, - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა.  

Add to Twitter Add to Facebook