მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის  პრეზიდენტს   სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის  პრეზიდენტს   სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა

 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ლატვიის პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო სადილი გაიმართა. ორი ქვეყნის პირველმა პირებმა შეკრებილი საზოგადოების წინაშე, რომელთა შორის ლატვიის დელეგაციის წევრები და საქართველოს  ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ,  ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს.

გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.  როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ლატვიის რესპუბლიკა არის ის ქვეყანა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მისი გაფორმებიდან რამდენიმე დღეში მოახდინა. გიორგი მარგველაშვილმა ქართველი და ლატვიელი ხალხის მეგობრულ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება.

„დღეს ლატვიისა და საქართველოს კავშირი უაღრესად მტკიცეა. ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობა ვითარდება გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად. ჩვენ მართლაც ბევრი რამ გვაერთიანებს. გვაქვს საერთო ისტორიაც და საერთო ტკივილიც, მაგრამ ყველაზე მთავარია ჩვენი საერთო ღირებულებები და სწრაფვა თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისაკენ.  XX საუკუნის განმავლობაში ლატვიური დიასპორა საქართველოში   მნიშვნელოვნად გაიზარდა და მან არაერთი საზოგადო მოღვაწისა და მამულიშვილის ღვაწლით გააძლიერა ჩვენი ქვეყნის  სახელმწიფოებრიობა.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს გულთბილი დახვედრისთვის. ანდრის ბერზინშმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისა და დიპლომატიური ურთიერთობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა:

„მოხარული ვარ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ ჩვენს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს შორის წარმატებით ვითარდება პოლიტიკური დიალოგი, თანამშრომლობა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თანამშრომლობის ის პლატფორმა, რომელიც ხორცშესხმულია ამჟამად თბილისსა და ბათუმში გამართული ბიზნესფორუმების სახით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის შემდგომი განმტკიცების პოლიტიკური მხარდაჭერა, არსებული სატრანსპორტო და სატრანზიტო ქსელი, იქნება ბიზნესწრეებისათვის ძლიერი მოტივატორი, რათა გააფართოვონ და გააძლიერონ არსებული თანამშრომლობა და ჩამოაყალიბონ ახალიურთიერთობები.“ - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

ანდრის ბერზინშის ვიზიტი საქართველოში გრძელდება, ლატვიის პრეზიდენტი ქართველ კოლეგასთან ერთად ხვალ ბათუმს ესტუმრება.

Add to Twitter Add to Facebook