მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო იუნკერების ხსოვნას

საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო იუნკერების ხსოვნას

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 1921 წლის თებერვალში კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო მათი მემორიალი.

„ჩვენ დღეს აქ მოვედით, რათა  კიდევ ერთხელ მწუხარებით და, ამავდროულად, სიამაყით აღვნიშნოთ ის, თუ როგორ იბრძოდა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის. საქართველოს ისტორიაში ცოტა თუ არის ცნობილი  ისეთი  ომი,  სადაც ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა მტერზე  მეტი იყო ან მას უტოლდებოდა. საკუთარი სამშობლოს დაცვას ყოველთვის მცირერიცხოვანი გმირი ადამიანების ბრძოლის შედეგად ვახერხებდით.  ბუნებრივია, მათ მაგალითზე გვეძლევა მხნეობაც და უნარიც მუდმივად დავიცვათ ჩვენი პატარა ქვეყანა ძლიერი იმპერიებისა და აგრესორებისგან, რომლებიც, ისტორიულად, მუდმივად გვიტევნდენ, მაგრამ ვერასდროს გაგვტეხეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  

ქვეყნის პირველ პირთან ერთად იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ აიღო თბილისი და დაამხო საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.  შედეგად ქვეყანაში დამყარებულმა კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქე.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, ყოველი წლის 25 თებერვალი გამოცხადებულია საბჭოთა ოკუპაციის დღედ და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ეშვება საქართველოს სახელმწიფო დროშები.

Add to Twitter Add to Facebook