მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი უცხოელ ლიდერებთან შეხვედრებით დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი უცხოელ ლიდერებთან შეხვედრებით დაასრულა

გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელით „სოფია კიევსკაიას“ სასახლეში გამართულ მიღებას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოსთან  ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა. შეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი  საქართველოში მოიწვია.

„სოფია კიევსკაიას“ სასახლეში გამართულ მიღებაზე საქართველოს პირველი პირი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოწვეულ უცხოელ ლიდერებსაც შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბაიდენთან გამართა და მასთან რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან საუბარი საქართველოს დაცულობისა და უსაფრთხოების, ასევე ქვეყნის  შემდგომი განვითარების გზებს შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვის პრეზიდენტს ნიკოლაი ტიმოფტისაც შეხვდა. საუბრისას მხარეებმა ყურადღება ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებული წესით ხელმოწერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. 

უკრაინაში ვიზიტის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის შედეგები შეაფასა და უცხოელ ლიდერებთან შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უკრაინაში ვიზიტი დავასრულეთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას უკრაინაში ამ არჩევნების ასე წარმატებულად ჩატარებას. აქ ყოფნის პერიოდში ჩვენ შევხვდით სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელ პირებს. მათ შორის შევხვდი უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ჯონ ბაიდენს. უკრაინის პრეზიდენტთან ქართულ- უკრაინულ ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე ვისაუბრეთ. ბატონ ბაიდენთან მნიშვნელი იყო საუბარი საქართველოს დაცულობასა და შემდგომი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.  

Add to Twitter Add to Facebook