მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინისა და ლიტვის არჩეულ პრეზიდენტებს გამარჯვება მიულოცა 

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინისა და ლიტვის არჩეულ პრეზიდენტებს გამარჯვება მიულოცა 

საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელი ხალხის გაერთიანებული ძალისხმევით, უკრაინა  გადალახავს მის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს.

„საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას უკრაინასთან, რომელთანაც მჭიდრო ხალხთაშორისი ურთიერთობა და ტრადიციული მეგობრობა გვაკავშირებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი საერთო მიზანი - ევროპული არჩევანი, რომლისკენაც საქართველო და უკრაინა მტკიცე ნაბიჯებით განაგრძობენ სვლას.

საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინელი ხალხის სწრაფვა ქვეყნის ერთიანობისა და პოლიტიკური კონსოლიდაციისაკენ, ასევე მკაფიოდ წარმოაჩინა უკრაინის მოქალაქეთა ურყევი ნება, გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს დიდ ევროპულ ოჯახში“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

ქვეყნის პირველმა პირმა მისალოცი წერილი ასევე გაუგზავნა ლიტვის არჩეულ პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს, რომელიც ლიტველმა ხალხმა მეორე ვადით აირჩია.  

„ლიტველმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და ნდობა კვლავ თქვენ გამოგიცხადათ, რაც ქვეყნის წარმატების მისაღწევად თქვენ მიერ გაწეული დიდი შრომისა და თავდადების შედეგია... დღეს ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებული დღეა - საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ვერ შეძლებდა თავისი თავისუფლების დაცვას ისეთი მეგობრების  დახმარების გარეშე, როგორიც ლიტვის რესპუბლიკაა. მოხარული ვარ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საქართველომ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება სწორედ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე მოახდინა.

ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის ლიტვის მიერ მიღწეული წარმატება სამაგალითოა და დარწმუნებული ვარ, გამოცდილება, რომელსაც უანგაროდ გვიზიარებთ, აუცილებლად დაგვეხმარება, დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ავაშენოთ ჭეშმარიტად ძლიერი, დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფო“, - აღნიშნულია წერილში.

გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ და ლიტველ კოლეგებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები, ხოლო ლიტველ და უკრაინელ ხალხს კეთილდღეობა უსურვა.   

Add to Twitter Add to Facebook