მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებას „დედა ენის“ დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებას „დედა ენის“ დღე მიულოცა

უპირველესად, ყველას, მთელ საქართველოს ვულოცავ დღევანდელი დღეს.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს იმისთვის, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ეს დღე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაწესებულებაში აღგვენიშნა. აქ ზრუნვით ინახება და მომავალ თაობებს გადაეცემა ის საამაყო რამ, რითიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენი წინაპრები ცხოვრებდნენ და გააგრძელებენ ცხოვრებას ჩვენი შთამომავლები.

მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ამ კოლექციის წარმოდგენისთვის.

იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობა იყო ქართული წიგნიერების, ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის ეტაპი. ეს უმნიშვნელოვანესი იყო სწორედ იმ მომენტში,  როდესაც წიგნიერების გავრცელება იწყებოდა; როდესაც დადგა სალიტერატურო ენის დანერგვის აუცილებლობა აღზრდის პროცესსა და სასკოლო სისტემაში.

ამ მიზანს ქართულმა საზოგადოებამ და ქართულმა ინტელექტუალურმა ელიტამ იაკობ გოგებაშვილის ხელმძღვანელობით მიაღწია.

ვიცით, რომ იაკობ გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძესა და იმ ელიტასთან, რომელიც მაშინ საქართველოს თანამედროვე ქვეყნად ქცევის პროცესში იყო ჩაბმული, ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა.

ამ ადამიანებმა უაღესად დიდი როლი შეასრულეს, და ის რეალობა, რომელიც ჩვენი წიგნიერებისა და ლიტერატურის თვალსაზრისით დადგა, მნიშვნელოვანწილად იყო განპირობებული იმით, რომ საქართველომ ამ ეტაპს ძალზე ეფექტიანად გაართვა თავი.

ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი ეტაპი იმ უაღრესად საამაყო და მნიშვნელოვან ისტორიულ გზაზე, რომელიც ჩვენ გავლილი გვაქვს როგორც ერს და დიდი წვლილიც გვაქვს შეტანილი კაცობრიობის ისტორიაში.

დამწერლობათა შორის, რომელთა ჩამოთვლა თითებზე შეიძლება, ერთ-ერთი ჩვენი დამწერლობაა. ჩვენი ენა უნიკალურია თავის მხრივ და ის შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა. მათ შეძლეს კიდეც ამ ფენომენისათვის გაფრთხილება და ჩვენამდე მოტანა.

ალბათ ვხვდებით სიღრმეს იმ ფაქტისა, რომ დღევანდელი ქართველები ვკითხულობთ არქაულ ქართულ ლიტერატურას და გვესმის ეს ლიტერატურა. არც კი ვიცი ისეთი ქვეყანა, სადაც თანამედროვე საზოგადოებას თავისივე ერის მიერ შექმნილი არქაული ლიტერატურის წაკითხვა ორიგინალში შეეძლოს.

ამ პრეცედენტებსაც რომ თავი დავანებოთ, ბოლომდე ისიც არ ვიცით, თუ რამდენად დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს ჩვენი ერის მენტალობასა და ფსიქიკაზე იმან, რომ ჩვენ და მეხუთე საუკუნის ქართველი მწერალი ერთმანეთთან შევდივართ კომუნიკაციაში, ვკითხულობთ მის ნაშრომს და არ გვჭირდება თარგმნა. ჩვენ გვესმის ჩვენი ერის შვილის მაშინაც, თუ ბევრი საუკუნე გვაშორებს მას. ასეთი ენობრივი და ინტელექტუალური მთლიანობა არის იმდენად საინტერესო ფენომენი, რომ შეიძლება იკვლიო და ამას ტომები მიუძღვნა.

იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდი იყო ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც უნდა გაგვევლო როგორც ერს, რათა ქართული დამწერლობა ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.

ეს იყო ადეკვატური მდგომარეობა იმ პერიოდისთვის - XIX-XX საუკუნეებში კაცობრიობამ ამ რეჟიმში დაიწყო აზროვნება.

მაგრამ იყო კიდევ ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც ასევე ღირსეულად გაართვა თავი ჩვენმა საზოგადოებამ.

სწორედ ამ დღეს აღვნიშნავთ დღეს და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იაკობ გოგებაშვილის ნაღვაწის პარალელურად ვსაუბრობთ იმაზე, რაც გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ სულ რაღაც 35 წლის წინათ.

დადგა იმის აუცილებლობა, რომ ჩვენი ერისათვის, ჩვენი დამწერლობისათვის განსხვავებული ფორმით გვეღვაწა და გადაგვედგა გარკვეული ნაბიჯი.

ეს იყო 1978 წლის 14 აპრილი.

მახსოვს, პირველი მიტინგი, რომელსაც დავესწარი. პირველ სკოლაში ვსწავლობდი, სკოლიდან გაგვიშვეს და გაუაზრებლად აღმოვჩნდით მიტინგზე.

სწორედ მაშინ მოხდა მთელი ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია იმ უმნიშვნელოვანესი ძარღვის გადასარჩენად, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ჩვენი მხრივ, ვალდებული ვართ, რომ ეს ჩვენს შთამომავლობას გადავცეთ.

იმ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც მთელი სტუდენტობა გარეთ გამოვიდა და ნათლად გამოთქვა საკუთარი პოზიცია, წინ უსწრებდა შეხვედრა, რომელის დროსაც ძალიან მკვეთრი და სწორი პოზიცია გამოხატეს ქართველმა მწერლებმა ნოდარ წულეისკირმა, აკაკი ბაქრაძემ და იქ, ახალგაზრდებთან ერთად ჩამოყალიბდა მზაობა საკუთარი ერის სამსახურისთვის.

ამ აქციას არ ჰყავდა პოლიტიკური ორგანიზატორი, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი ტალღა მოდიოდა ქართველი მწერლებისაგან, ახალგაზრდობისაგან.

ამ ტალღას, სხვათა შორის, ძალიან აქტიურად ჩაუდგნენ სათავეში სტუდენტები: თამრიკო ჩხეიძე, ნოდარ გრიგალაშვილი, თამარ მახარობლიძე... საკმაოდ აქტიური იყო ამ პროცესში დავით აქუბარდია. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც არა როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, არამედ როგორც სტუდენტები და თავისი ენის დამცველები დაუპირისპირდნენ სისტემას.

მანამდე არ ყოფილა სისტემის წინააღმდეგ გალაშქრების პრეცედენტი.

სხვათა შორის, იგრძნო რა ეს ემოცია, მაშინ პოზიტიური როლი შეასრულა იმდროინდელმა ცეკას მდივანმა ედუარდ შევარდნაძემაც.

ამ ადამიანებმა ერთად შეძლეს უპრეცენდენტო რამ - საბჭოთა კავშირის სისტემაში, სადაც ნებისმიერი ქუჩაში გამოსვლა მთავრდებოდა დახვრეტებით; როდესაც განიხილებოდა კონსტიტუციის ახალი პროექტი - გაბედეს, გადადგეს ნაბიჯი და შეძლეს ქართული ენის დაცვა და ქართული ენის ჩვენამდე მოტანა.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩაბმული, ვინც არც ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და დაინახა, რომ გადასარჩენი იყო არა რაიმე მიმდინარე, არამედ მარადიული, ჩვენი წინაპრებისაგან წამოსული და ჩვენი შთამომავლობისთვის გადასაცემი.

ყველა ამ ადამიანმა შექმნა ეს მნიშვნელოვანი დღე.

მსურს მათ დღეს ვუთხრა მადლობა.

ამავე დროს, მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ყველას მოგილოცოთ ის, რომ ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპზე - იმპერიების შემადგენლობაში, დამპყრობლის პირობებსა თუ შიდა კონფლიქტის პროცესში - ყოველთვის ვახერხებდით გადაგვერჩინა ყველაზე მნიშვნელოვანი.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მოწვევისათვის და გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა თქვენს სამუშაო პროცესში.

ბუნებრივია, იცოდეთ, რომ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პოპულარიზაციას, ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ.

დიდი მადლობა.

Add to Twitter Add to Facebook