მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებრიობას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებრიობას ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა

ძვირფასო თანამემამულეებო,

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა - საქართველომ დღეს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ჩვენ გავხდით პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში,  რომელმაც ასეთი რანგის ხელშეკრულება გააფორმა. გილოცავთ ამ წარმატებას!

საქართველო ბუნებრივად არის ევროპული კულტურის ნაწილი; ევროპული ფასეულობები ჩვენთვის ბუნებრივად მისაღები და გასაზიარებელია. ჩვენ ვიყავით არა უბრალოდ ამ კულტურის ნაწილი, არამედ მისი თანაშემოქმედიც საუკუნეების განმავლობაში.

დღეს ჩვენ ვხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელშიც დიდსა და მცირე ერს ერთნაირად ეძლევა შესაძლებლობა განავითაროს თავისი კულტურა, სახელმწიფოებრიობა, უნიკალურობა.

ასოცირების ხელშეკრულებამ ამ ერთა ოჯახთან ძალიან ახლოს მიგვიყვანა. ასოცირების ხელშეკრულება მნიშვნელოვანია არის იმითაც, რომ მისი სიკეთე აისახება ყველა მოქალაქის, თითოული ოჯახის ცხოვრებაზე.

უპირველესად, ჩვენ ვხდებით უსაფრთხოების სისტემის ნაწილი, კრიზისების რეაგირების ევროპული სისტემის შემადგენელი, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ რეფორმები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენს საზოგადოებას უფრო მეტად გახდის სოციალურად ორიენტირებულს, ჩვენ სახელმწიფოს კი, თავის მხრივ - უფრო დემოკრატიულს და უფრო მეტად ორიენტირებულს თითო მოქალაქეზე.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებაზე. ამ ხელშეკრულების ხელმოწერით ჩვენ ვხდებით ევროპული ბაზრის ნაწილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია, 500 მილიონამდე მსყიდველუნარიან მოქალაქეს აერთიანებს და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 13 ტრილიონ ევროს აღწევს. ეს არის ძალიან საინტერესო ბაზარი ნებისმიერი ბიზნესმენისთვის და ბუნებრივია ქართულ ბიზნესს მიეცემა ახალი იმპულსი, საქართველოში დამზადებული პროდუქტი კი იქნება ევროპული ხარისხის და, ბუნებრივია, საინტერესო როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვა ბაზრებისთვის.

მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო ამ ხელშეკრულების შედეგად ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ეკოლოგიის მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები. ეს ნაბიჯები ჩვენ უფრო დაგვაახლოებს ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი დღესაც გამარტივებულია, მაგრამ ამ ხელშეკრულების ამოქმედების კვალდაკვალ, დარწმუნებული ვარ, 2016 წლიდან ევროკავშირთან გვექნება თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა.

ამ გზაზე ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროპული ქვეყნების ლიდერები. ისინი მზად არიან დაგვეხმარონ თავიანთი გამოცდილებით, მხარდაჭერით და გვიცხადებენ მზადყოფნას ამ მიმართულებით.

ამას გარდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემის - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით,  სწორედ ეს გზა არის უნიკალური, რადგან ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეებს ჩვენ ასევე შევთავაზებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ჩვენ შევთავაზებთ მათ ისეთ საქართველოს, რომელიც სწორედაც რომ ევროპის ნაწილი იქნება. ჩვენ ავაშენებთ ევროპულ საქართველოს! ამ ქვეყანაში დაცული იქნება ნებისმიერი ეთნიკური, პოლიტიკური, სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებები.

დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. თავისთავად, ეს ხელშეკრულება ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს სახელმწიფოს.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან ჩვენ დავიწყეთ ახალი მიზნისკენ მოძრაობა და ეს მიზანი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. ამ გზაზე ჩვენ მტკიცედ და განუხრელად ვივლით. 

Add to Twitter Add to Facebook