მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის,  რომლებიც დაუშვებლად მიიჩნევენ აგრესიას.

„ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებული  გუშინ ყირიმთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ, რეალურად, უკრაინაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის სტაბილურობას, არამედ, ფაქტობრივად, იმ გლობალურ წესრიგს, რომლითაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის მერე არსებობდა. საფრთხე ორი მიმართულებით იქმნება. პირველი არის ის, რომ ბირთვულ განიარაღებას, რომელსაც დადებითი ტენდენცია ჰქონდა და რომლის შედეგიც იყო 1994 წლის შეთანხმება უკრაინის მიერ ბირთვული არსენალის დათმობის შესახებ, შესაძლოა, სერიოზული დისკრედიტაცია მოყვეს. მეორე - ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძნელად თუ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის ტერიტორიები მიეერთებინოს. მსოფლიო რუკა იცვლებოდა, ხდებოდა ქვეყნების  დანაწილება. რა თქმა უნდა, ქვეყნებს შორის იყო კონფლიქტები, მაგრამ ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიის მიერთება არ ხდებოდა. ეს არის პრობლემა გლობალური, მსოფლიო  უსაფრთხოებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, მშვიდად, მაგრამ, ამავდროულად, პრინციპულად შეაფასოს არსებული ვითარება. ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის საკითხები წყდება არა ტერიტორიების დაკავების ან სამხედრო ძალის მეშვეობით, არამედ დიპლომატიური მოლაპარაკების გზით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მსოფლიო თანამეგობრობა საკუთარ პოზიციას  აყალიბებს. ქვეყნის პირველ პირს მიაჩნია, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის წარმოქმნილი პრობლემები საერთაშორისო კონტექსტში, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, მოლაპარაკებისა და დიპლომატიის გზით უნდა გადაწყდეს. 

„ჩვენი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არასდროს ყოფილა განსხვავებული. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია რუსეთის საგარეო პოლიტიკის სუსხიანი ხელი. ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდით, რომ 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს, აი, ამ პრობლემას რომ დათმობოდა უფრო მეტი ყურადღება ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, რუსეთის საგარეო პოლიტიკა უკრაინასთან  მიმართებით, შესაძლოა, არ ყოფილიყო წარმატებული. 2008 წლის ომის შემდეგ ყველა უნდა ვყოფილიყავით ორიენტირებული, რომ მეზობელი ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა აბსოლუტურად დაუშვებელ პრეცედენტად ყოფილიყო აღქმული. ალბათ მეტი უნდა გაკეთებულიყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივ და, მათ შორის, ჩვენი მხრივ, რომ მსგავსი რამ 6 წლის შემდეგაც არ განმეორებულიყო. ჩვენი დამოკიდებულება არის უცვლელი - ჩვენ ვცდილობთ დავიწყოთ ლაპარაკი არა აგრესიის, არამედ დიპლომატიის ენაზე, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ვცდილობთ გავმართოთ რაციონალური და მშვიდი დიალოგი. ეს არის დასავლეთის, ევროკავშირის და შეერთებული შტატების სტრატეგიული გზა. ჩვენ კი, ბუნებრივია, ამ გაერთიანების, ამ კოალიციის ნაწილი ვართ“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. 

Add to Twitter Add to Facebook