მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფე

საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანი და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ცვლილებების მნიშვნელობა. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, კანონის უზენაესობა მხოლოდ განვითარებული, უსაფრთხო და მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში მიიღწევა.

„ეს არის აღმოსავლეთ ევროპის მოსამართლეთა კონფერენცია, რომელსაც ესწრებიან ექსპერტები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, შეერთებული შტატებიდანაც. ამ კონფერენციას მნიშვნელობა აქვს ჩვენი სასამართლო სისტემის გამართვისა და დასტაბილურებისათვის. ჩვენ მივესალმეთ კონფერენციის მონაწილეებს და ვუსურვეთ მათ ნაყოფიერი მუშაობა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა - ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შტო - იყოს გამართული, პოლიტიკურად თავისუფალი და კვალიფიცირებული. ეს მნიშვნელოვანია აგრეთვე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თვალსაზრისით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო აშენებს და ამყარებს ევროპულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონფერენციას, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენცია 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს.

Add to Twitter Add to Facebook