მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა "დედა ენის" დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა "დედა ენის" დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან ერთად დედა ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული უნიკალური ექსპონატები იაკობ გოგებაშვილის პირადი ბიბლიოთეკიდან, მათ შორის, ავტორის ხელით ჩასწორებული „დედა ენა“, მის მიერვე დართული შენიშვნებითა და მინაწერებით. გიორგი მარგველაშვილმა 1978 წლის მოვლენები შეაფასა და მადლობა გადაუხადა მათ, ვინც წვლილი შეიტანა ქართული ენის გადარჩენის საქმეში.  

„ამ დღეს მთელი ერი ზეიმობს, ეს დღე უკავშირდება ჩვენი საზოგადოების გმირობას, 1978 წლის 14 აპრილს, როდესაც მთელი სტუდენტობა, მთელი საზოგადოება დაუპირისპირდა ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის წართმევას - როგორც ეს დაგეგმილი იყო მაშინდელი კონსტიტუციური ცვლილებებით. იმ დროს ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა პრინციპულობა, დაუპირისპირდა ძალიან საშიშ სისტემას და გადაარჩინა ჩვენი ენა. მსურს მათ საგანგებო მადლობა ვუთხრა ამისთვის და ქართულ საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათთან ქართული ენის ფენომენზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება მშობლიური ენის გაფრთხილებისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილმა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პოპულარიზაციაში თანადგომა აღუთქვა.

თავის მხრივ, დედა ენის დღე საზოგადოებას გიორგი კეკელიძემაც მიულოცა და პრეზიდენტს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ლიტერატურული ინსტიტუტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ გამოფენაზე დამთვალიერებლებს ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის ნაქონი, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემების ნახვის შესაძლებლობაც მიეცა. 

იაკობ გოგებაშვილის პირადი, სრულად აღდგენილი ბიბლიოთეკა დღეს ცალკე კოლექციად ინახება, რომელშიც დაცულია მფლობელის ავტოგრაფიანი  ეგზემპლარები, პედაგოგიური ლიტერატურას და „დედა ენის“ უნიკალური გამოცემები.  

Add to Twitter Add to Facebook