მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა "თბილისის სამიტი 2014" გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა "თბილისის სამიტი 2014" გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს „თბილისის სამიტი 2014“ გახსნა, რომელშიც სამი ქვეყნის ლიდერები, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და მათი დელეგაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მისასალმებელი სიტყვა მეზობელი ქვეყნების პირველმა პირებმაც წარმოთქვეს და ყურადღება სამი ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. სამიტის მონაწილეებმა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. მათ ურთიერთობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. საუბარი შეეხო როგორც ეკონომიკურ, ისე ინფრასტრუქტურულ, სატრანპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თითოეული ამ პროექტის განხორციელება რეგიონის სტაბილურობს გარანტიაა.  

“ჩვენი თანამშრომლობა მრავალწლიანი და შთამბეჭდავია თავისი შედეგებით. ჩვენი შეხვედრით დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ იმ მნიშვნელოვან წამოწყებებს, რომლებიც რეგიონის მასშტაბით გვაქვს. მინდა, ამ ინიციატივისთვის საგანგებოდ ვუთხრა მადლობა თურქეთის პრეზიდენტს და ილჰამ ალიევს იმისთვის, რომ მან შინაარსით გააძლიერა ამ სამიტის მნიშვნელობა”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გამოსვლისას.  

სამიტის მსვლელობისას, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სამიტი რეგულარულად გაიმართება და მისი შედეგებით სამივე ქვეყანა მიიღებს სარგებელს.

„დარწმუნებული ვარ ამ სამიტს ბრწყინვალე შედეგები ექნება. ჩვენს ქვეყნებს შორის არის კავშირი უმაღლეს დონეზე. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა სამმხრივი ურთიერთობა ემსახურებოდეს არა მარტო ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთელ რეგიონს. ჩვენი თანამშრომლობა საერთო ინტერესებს ეფუძნება და ჩვენი პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. სამიტს საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. ენერგოუსაფრთხოება, საერთაშორისო უსაფრთხოება და სატრანსპორტო საკითხები - ეს ამ სამიტის მთავარი თემებია. ამას გარდა, ვიმსჯელებთ სამომავლო გეგმებზეც“, - განაცხადა აზერბაიჯანის  პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტმა პროექტებს, რომლებსაც სამი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს გლობალური უწოდა და განხილვის მთავარ თემად მათი მიმდინარეობის პროცესი დაასახელა.

„ეს სამიტი ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია. სამი ქვეყანა გლობალური მასშტაბის პროექტებს ერთობლივად ვახორციელებთ, რაც კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ პრეზიდენტების დონეზე ვხვდებით, რათა გადავხედოთ მიმდინარე პროცესებს და პროგრესს. დარწმუნებული ვარ, მსგავსი სამიტები რეგულარულად გაიმართება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

სამიტზე დასასწრებად აბდულა გიული თბილისს 5 მაისს ეწვია, ხოლო ილჰამ ალიევი ქვეყნის დედაქალაქში დღეს ჩამოვიდა.

სამიტის ფარგლებში ლიდერები ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს გამართავენ, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ. სამი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა უმაღლეს დონეზე დღეს დასრულდება.

მოგვიანებით გაიმართება კულტურული ღონისძიებებიც. 

Add to Twitter Add to Facebook