მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით  საქართველოს პრეზიდენტმ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით  საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა

მოგესალმებით, პატივცემულო საზოგადოებავ!

დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებულ პროცესზე.

ამ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალსაზრისით, რადგან სასამართლო არის ერთ-ერთი ლოდის საკიდური, რომელზეც იგება ჯანმრთელი, დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ჩვენ დავიწყეთ აქამდე ქართული საზოგადოებისთვის არნახული ღია პროცესი, რომელშიც ჩავრთეთ ყველა პოლიტიკური ძალა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო, ასევე ექსპერტები და ამ მიმართულებით გავხსენით ფართო დისკუსია.  

ამ დისკუსიამ გამოავლინა ერთი, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც მინდა გავუზიარო საზოგადოებას.

მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი საზოგადოება, მათ შორის პარლამენტი, ფაქტობრივად,  თანხმდებიან ერთსა და იმავე კრიტერიუმებზე.

ამ დისკუსიისა და კონსულტაციების შედეგად, კრიტერიუმებთან დაკავშირებით ასეთი ტიპის კონსენსუსი შედგა და დღეს პარლამენტის უმრავლესობაც და ოპოზიციური ფრაქციებიც, ფაქტობრივად, ერთ ხედვაზე გველაპარაკებიან.

რა თქმა უნდა, არის დაზუსტებები, განსხვავებული პატარა დეტალები, მაგრამ, საბოლოოდ, ეს კრიტერიუმები საერთოა.

ვფიქრობ, ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესისთვის.

თვისებები, კრიტერიუმები, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით, რა თქმა უნდა, კანონით განსაზღვრული დამატებაა, რადგან, თავის მხრივ, კანონიც განსაზღვრავს გარკვეულ კრიტერიუმებს.

ეს არის პრინციპულობა, მენეჯერული თვისებები, პარტიული გავლენისგან თავისუფლება და პროფესიონალიზმი.

აი, სწორედ ამ კრიტერიუმებზე შეთანხმდა დღეს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება.

რასაკვირველია, არსებობს კიდევ გარკვეული დეტალები, რა იქნებოდა მეტად სასურველი, მაგრამ ამ ოთხ კრიტერიუმში გაერთიანდა როგორც სასურველი, ისე ის „წითელი ხაზები“, რომლებიც პოლიტიკურმა ძალებმა და საზოგადოებამ მოგვინიშნა.

აქედან გამომდინარე, გვაქვს რა ასეთი კონსენსუსი, გადავდივართ შემდგომ ეტაპზე.

საზოგადოებას, პოლიტიკურ წრეებს, იმ ხალხს, რომელიც კომპეტენტურია ამ სფეროს მიმართულებით, უკვე ვთხოვთ, რომ 9 თებერვლამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები კანდიდატურებთან დაკავშირებით.

ბუნებრივია, შემდგომ ამ კანდიდატურების სიას გაცხრილავს და შეხედულებას ჩამოაყალიბებს ადმინისტრაციაში შექმნილი კომპეტენტური კომისია, რის შემდეგაც შედეგებს ისევ გავუზიარებთ საზოგადოებას.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ასეთი ღია, გამჭვირვალე და უპრეცედენტო პროცესი მნიშვნელოვანია სწორედ დღეს, როდესაც ჩვენი სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი ასამაღლებელია და სასამართლო, როგორც სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, უნდა გახდეს მართლაც ყველაზე სანდო ინსტიტუტი.

ამ პროცესში საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ვფიქრობ, განაპირობებს იმ რეფორმებს და ნდობას იმ რეფორმების მიმართ, რომლებიც ჩვენს სასამართლო სისტემაში უნდა განხორციელდეს.

დიდი მადლობა. 

Add to Twitter Add to Facebook