მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი - ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავ

​გიორგი მარგველაშვილი - ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდებ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ყველა მხარე უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მოუსმინოს მათ და არ გადაიდგას მყისიერი ნაბიჯები.
აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„პირველი, რაც მინდა დავაფიქსირო მდგომარეობს იმაში, რომ პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა.
2015 წლის 22 ოქტომბერს მაშინდელი პრემიერმინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ფაქტიურად დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე, მაშინ მე დამჭირდა ძალიან მკაფიო განცხადებების გაკეთება, იმისთვის რომ პროცესი ქუჩიდან და სამოქალაქო დაპირისპირებიდან გადმომეყვანა მოლაპარაკებების რეჟიმში.
მას მერე პოლიტიკოსების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებაში მუდმივად პროცესის პოლიტიზირებას ახორციელებდა. არ ვეხები რა, კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას, მინდა ნათლად ვუთხრა საზოგადოებას, რომ „რუსთავი 2“ არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე, როგორც ნებისმიერი მედია არ არის უბრალოდ ბიზნესი და ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივ- პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს.
ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირება კი, დემოკრატიული საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ფაქტიურად, ორი წლის განმავლობაში, ყველა ჩემ შეხვედრაზე რომელიც მქონდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან „რუსთავი2“-ის თემა იყო წამოწეული და მე მქონდა აუცილებლობა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით, როგორც ჩემი პოზიცია გამეხმოვანებინა, ასევე მიმეცა კომენტარები.
საერთაშორისო თანამეგობრობაც რეალურად „რუსთავი 2“ -ის პროცესს არა უბრალოდ სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედავს. ხედავს პროცესად, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს მედიის თავისუფლების და პლურალისტურ გარემოზე.
იგივე ნათლად დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ, როდესაც გამოხატა თავისი მხარდაჭერა ამ არხის დამოუკიდებლობის მიმართ.
მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე, მოხდა „იმედის“ დარბევა, ეს იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დემოკრატიისათვის.
ფაქტიურად, იმ წამსვე, პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება.
აქედან გამომდინარე, მინდა დღესაც ყველას მოუწოდო დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ.
თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა მოუწოდო ყველა მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები.
„რუსთავი 2“, ისევე როგორც ყველა დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი მედია, არის შემადგენელი ნაწილი ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური მდგომარეობის; იმ მდგომარეობის, რომელიც ქმნის ქვეყანაში დემოკრატიულ მმართველობას.
მედია აღიქმება მეოთხე ხელისუფლებად და მედიის დამოუკიდებლობა და კრიტიკულობა ქვეყნის დემოკრატიულობის შემადგენელი ნაწილია.
შესაბამისად, კითხვები არის ძალიან ნათლად ჩამოყალიბებული, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიას შეეზღუდება თავისი საქმიანობა, ბუნებრივია, ეს იქნება პრობლემა არა უბრალოდ ერთი რომელიმე არხის, არამედ ეს იქნება პრობლემა ქვეყნის დემოკრატიულობასთან მიმართებაში.
ეს არის ის კითხვები, რომლებიც, კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ, არ ჩამოსულა დაბლა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგებიდან. ამ კითხვების მიმართ მიდგომა, სენსიტიურობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ განელებულა არც ერთ ეტაპზე.
შესაბამისად, მე არ მინდა გავზომო რამდენად იქნება კრიტიკული პოზიცია, მაგრამ მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში, მედიის დამოუკიდებლობის პოზიცია ყოველთვის იყო ერთერთი მთავარი შემადგენელი ჩვენ პარტნიორებთან საუბართან დაკავშირებით.
მე არ ვეხები სამართლებრივ დავას, იმ საკითხებს, რომელიც საასამართლოს კონტექსტში განიხილება, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი მედია ეკუთვნის არა მხოლოდ მედიასაშუალებას, არამედ ის ეკუთვნის საზოგადოებას, მოსწონს მას ეს კრიტიკული პოზიცია, თუ არ მოსწონს.
ყველაზე მეტად მედია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც ქმნის ამ მედიას, იმ თანამშრომლებს, რომლებიც ქმნიან ჩვენი ცხოვრების შემადგენელ მედიაპროდუქტს.
ამიტომ მე არ შევალ კონკრეტული ვარიანტების განხილვაში, მე მინდა უბრალოდ დავაფიქსირო პოზიცია, რომ მედიის პლურალიზმი და დამოუკიდებლობა, ის განცდა, რომ მედია არ არის კონტროლირებადი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სტაბლურობისთვის.
ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემაში, ბუნებრივია, ჩვენ როგორც ქვეყანამ, რომელიც თავის სახელმწიფოებრიობას ავითარებს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით, როგორც ქვეყანამ, რომელიც არის ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი, როგორც ქვეყანამ, რომელიც ნათლად აფიქსირებს თავის შემდეგ პოლიტიკურ მიზანს ევროკავშირის შემადგენლობაში, როგორც ქვეყანამ, რომელმაც ერთი დღის წინ მიიღო ნდობის დიდი ვოტუმი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან ვიზალიბერალიზაციათან დაკავშირებით, ასეთ კონტექსტში, ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყველა მაღალ ინსტანციას, განსაკუთრებით კი, ევროპულ ინსტანციებს დააფიქსირონ თავიანთი შეხედულება ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.
ქვეყანაში დემოკრატიული მდგომარეობა, ადამიანის უფლებები, მედიაპლურალიზმი, პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება, ინსტიტუტების მდგრადობა, ბუნებრივია, ყველაფერი ეს, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილებია.
მე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით არ გავაკეთე განცხადება საკუთრივ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების დაყოფა და დიფერენციაცია, სწორედ ამას ეხება, რომ არ უნდა ხდებოდეს ჩემი ჩარევა სასამართლო პროცესში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ სამწუხაროდ, ამ სასამართლო პროცესს თან ახლდა ძალიან მძიმე პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც ჩვენ არა კულუარულად, (მე არასდროს არ ვაკეთებ განცხადებებს რაღაც კულუარულ ინფორმაციაზე) არამედ, ღია ეთერით გვესმოდა პოლიტიკოსების ძალიან მძიმე შეფასებები და ხდებოდა ღიად, განცხადებების ფორმით პოლიტიკოსების ჩარევა ამ პროცესში.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ არ გავაკეთებ არავითარ განცხადებას, არც სასამართლოს შემადგენლობაზე, არც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მოგახსენებთ, პოლიტიკურ ნაწილს ამ პროცესისა.
პოლიტიკურად, ქვეყანაში დამოუკიდებელი და კრიტიკული, თანაც ასეთი რეიტინგული მედიისთვის სირთულეების შექმნა, ეს არის პოლიტიკური პრობლემა, დანარჩენი საკითხები, ასე ვთქვათ, სასამართლო დავის თემაა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Add to Twitter Add to Facebook