მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის

​გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას "საქართველოსა და უკრაინას შორის
სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ“.
დღეს ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
ერთობლივი დეკლარაცია მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას; ამასთან, საერთო ინტერესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, მხარეებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
„ეყრდნობიან რა საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის 1993 წლის 13 აპრილის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებაში ჩადებულ ფუძემდებლურ პრინციპებს,
ადასტურებენ რა ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, გახდნენ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრები,
გამოხატავენ რა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო მხარდაჭერას, პატივს მიაგებენ საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობისათვის დაღუპული ყველა მებრძოლის ხსოვნას, რომელთა საქმეც უკვდავყოფილია სახელმწიფო სუვერენიტეტის მოპოვებისა და დაცვის საქმეში,
პასუხობენ რა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსული აგრესიიდან მომდინარე საერთო გამოწვევებს,
დარწმუნებული არიან რა ქართველი და უკრაინელი ხალხების უპირობო მისწრაფებაში, განავითარონ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო,
იზიარებენ რა ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაციის მიზნებს,
ხაზს უსვამენ რა საქართველოსა და უკრაინას შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას,
აცხადებენ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას  შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას; ამასთან, საერთო ინტერესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, მხარეებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.
სტრატეგიული ურთიერთობების მიზნების მისაღწევად კოორდინირებული საქმიანობისათვის იქმნება ქართულ-უკრაინული მაღალი დონის სტრატეგიული საბჭო.
ეს ურთიერთობები მიმართულია მომავლისაკენ და ეფუძნება ევროპული და ევრო-ატლანტიკური სივრცეებისადმი ორივე ხალხის საერთო კუთვნილებას; მათ მისწრაფებას, დაამკვიდრონ დემოკრატიული ღირებულებები სახელმწიფო საქმიანობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და დაიკავონ ღირსეული ადგილი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახებში.
ამ კონტექსტში, ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დე-ოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მათი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; საქართველოსა და უკრაინის მდგრადი, დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური აღმავლობა; ევროკავშირსა და ნატო-ში  მათი სრული ინტეგრაცია.
მხარეები თვლიან, რომ სტრატეგიული მიზნების მიღწევა მოითხოვს კოორდინირებული პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობს:
- საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციას საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დე-ოკუპაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვასა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და მინსკის შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;
- სხვადასხვა პოლიტიკური და სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციის მიმართ ზეწოლის შენარჩუნების მიზნით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერას;
- საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას, განსაკუთრებით დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის ფარგლებში.
- საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ძალისხმევის განმტკიცებას;
- ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ორივე ქვეყნის პოტენციალის მაქსიმალურად ამოქმედების გზით;
- მასშტაბური საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას  ევროპა-აზიის მიმართულებით, მათ შორის „ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში;
- შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას;
- ორი ქვეყნის პარლამენტების როლის ზრდას ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებას;
- წარმატებული რეფორმების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით გამოცდილების ურთიერთგაზიარებას;
- თანამშრომლობის განმტკიცებას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.
 
შესრულებულია თბილისში, 2017 წლის 18 ივლისს, სამ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია” - აღნიშნულია დეკლარაციაში.
Add to Twitter Add to Facebook