მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​პრეზიდენტი ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია

​პრეზიდენტი ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს ეწვია და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
სალომე ზურაბიშვილი კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის განსაკუთრებით საშიში კულტურების ეროვნული საცავი, ზოგადი ბაქტერიოლოგიის, ვირუსოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიისა და გენომის ლაბორატორიები დაათვალიერა. პრეზიდენტს ცენტრში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უმასპინძლეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრეზიდენტს ცენტრის განვითარების ისტორია, სტრატეგიული მიზნები და მუშაობის პრიორიტეტები გააცნო. ამირან გამყრელიძემ პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ლუგარის ცენტრის ბიოუსაფრთხოების და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის ზოგადი ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის მიმართულებების შესახებ, რომლის ძირითადი ფუნქციებია: დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, სოკოები, უმარტივესები) დიაგნოსტიკა, მორფოლოგიის, კულტურალური თვისებების, ბიოქიმიის შესწავლა; მიკროორგანიზმების მგრძნობელობის შესწავლა ანტიბიოტიკების და სადეზინფექციო პრეპარატების მიმართ; როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ძალიან კმაყოფილი და გაოცებულია იმით, რომ საქართველოში ამ დონეზე დგას დღეს დაავადების პრევენცია, მისი მართვა და ყველანაირი შესაძლო ინფექციების კონტროლი.
,,ამ კუთხით საქართველო გამორჩეულია მთელ რეგიონში და ეს ლაბორატორია თავისი სტანდარტებით ყველაზე მაღალი დონის ლაბორატორიაა და ამერიკის ატლანტას ცენტრთან თანამშრომლობა ნიშნავს იმას, რომ საყოველთაოდ აღიარებულია მისი სტანდარტები და ტექნოლოგიები. აქ ყველაფერი დაცულია უმაღლესი სტანდარტებით, ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. აქ ვართ ევროპაში და ევროპაში ვართ ამერიკის დახმარებით. ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი საქმე კეთდება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თანამშრომლებს და მივმართო მათ, ვინც ფეიკ ნიუსებს ავრცელებს - მოვიდნენ აქ, ნახონ და გაიგებენ როგორი ცრუ ინფორმაციაა შემოსული ჩვენი დიდი მეზობლისგან, რაც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დაზიანდეს და არა იმისკენ, რომ საქმე გაკეთდეს", -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
Add to Twitter Add to Facebook