მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​სალომე ზურაბიშვილი - კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ახალი ეტაპი

​სალომე ზურაბიშვილი - კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ახალი ეტაპი იწყება

საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, გამართეს.

შეხვედრებისას აღინიშნა, რომ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში პირველია დიპლომატიურ ურთიერთობათა გაფორმების დღიდან, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკა პროგრესირებს. კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი დახვედრისთვის. ,,მადლობა, მინდა გადაგიხადოთ, რომ მომეცა შანსი და პირველად, 27 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის განმავლობაში ვეწვიე საქართველოს. მოგვეცა შანსი, რომ განვიხილოთ, რა სახის ურთიერთობა გვექნება და როგორ განვავითარებთ სექტორულ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ნიკოს ანასტასიადისიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში, კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით, ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება. ,,ეს ურთიერთობები უკვე განვითარებულია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თქვენი ჩამობრძანდებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველო დადებითად აფასებს, კვიპროსის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მის აქტივობებს, რომელიც წინ უძღოდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებას. მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის რეგულირებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაა, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან აწარმოებს მონიტორინგს. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა სადამკვირვებლო მისიაში კვიპროსის კონტრიბუციის მნიშვნელობა, დღეისათვის მისიაში 3 კვიპროსელი დამკვირვებელი მუშაობს. შეხვედრისას განიხილეს ასევე, საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის გააქტიურების საკითხი და სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგების და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების მაღალ პოლიტიკურ დონეზე განხილვისათვის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, კვიპროსის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

აღინიშნა, რომ პრეზიდენტი ანასტასიადისი სადამკვირვებლო მისიას ეწვევა და პირადად მათგან მიიღებს ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. როგორც შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველო და კვიპროსი პატარა, მაგრამ უდიდესი ისტორიის და კულტურის ქვეყნები არიან. ორივეს ტერიტორიული პრობლემები აქვს და ორივე სახელმწიფოს უპირველესი მიზანი ქვეყნის ტერიტორიის გაერთიანებაა. ტერიტორიული საკითხების გადასაწყვეტად, კი, საქართველოს ერთადერთ გზად, მხოლოდ მშვიდობიანი გზა ესახება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას: ტურიზმის, კულტურის, განათლების, არქეოლოგიისა და კვლევითი საქმიანობის სფეროში. აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო -კვიპროსის ბიზნეს ფორუმი, რომელიც 18 აპრილს თბილისში ჩატარდება.

გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში რევაზ ლომინაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი. კვიპროსის მხრიდან: კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს ხრისტოდულიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერი პროდრომოს პროდრომუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირიაკოს კენევეზოსი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჰელენა მინა, კვიპროსის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი პანტელის პანტელიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ნეოფიტოს კონსტანტინუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჯორჯ სტავრინუ.
 
Add to Twitter Add to Facebook