მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​სალომე ზურაბიშვილი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების განხორციელება საქართველოს ეკონ

​სალომე ზურაბიშვილი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების განხორციელება საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული და მომავალზე გათვლილი სოლიდური ინვესტიციაა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო და სტუდენტებს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომების გადაცემა მიულოცა.
,,განსაკუთრებული ემოციით მივესალმები ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც აქ, საქართველოში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები, პირველი ბაკალავრები გახდნენ. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომ თქვენ მოგეცათ საშუალება თქვენივე ქვეყანაში, სამშობლოდან წაუსვლელად მიგეღოთ იმ ხარისხის განათლება, რომლისთვისაც საჭირო იყო ქვეყნიდან გასვლა და ეს ყოველთვის მძიმე მომენტებთანაა დაკავშირებული. მე თვითონ ვიცი, ეს როგორი მძიმე შეიძლება იყოს. ეს ძალიან დიდი შანსია და იმედი მაქვს, რომ ამას აფასებთ შესაბამის დონეზე.
ეს შესაძლებლობა ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მოგვცა. მადლობას მოვახსენებ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს იმ ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა. არ შეიძლება არ გავიხსენო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობისას მე მოვაწერე ხელი პირველ კომპაქტს, რითიც ძალიან ვამაყობ. ახლა უკვე 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც მეორე კომპაქტის ფარგლებში შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და ეს განათლებაში ინვესტირებით საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. ამ კომპაქტის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამების ჩვენს ქვეყანაში განხორციელება საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული და მომავალზე გათვლილი სოლიდური ინვესტიციაა.
ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ჩვენ დავიწყეთ ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებში, რაც ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის უმთავრესია. ეს ის მიმართულებებია, რომელთა განვითარებაც აუცილებელია ჩვენი ეკონომიკის წინსვლისთვის. ახლა მთავარია, სათანადო ცოდნით აღჭურვილ ახალგაზრდებს მიეცეთ ყველა შესაძლებლობა თავიანთი რესურსების რეალიზებისათვის. მათი განათლება უნდა მოხმარდეს ეკონომიკის წინსვლას, უნდა მოხმარდეს ქვეყანას, ეს სახელმწიფოს ამოცანაა, რომ მოგცეთ ყველა საშუალება იმისათვის, რომ თქვენი ცოდნა სწორედ იყოს გამოყენებული. იმედს გამოვთქვამ, რომ ამერიკის მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ბოლომდე დადგება ჩვენ გვერდით, რათა მოვამზადოთ მომავლის კადრები - პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებას.
იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენში ჩადებულ კაპიტალს გაამართლებთ, რომ ამ მოდელზე ბევრი ახალგაზრდა გაიზრდება მომავალშიც და საქართველოს დაუბრუნდება ნასწავლი, თავისუფალი აზროვნებითა და ცოდნით აღჭურვილი ჩვენი მომავალი თაობა. თქვენ ხართ ის მომავალი თაობა და ამისათვის თქვენ მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ცერემონიაზე.
Add to Twitter Add to Facebook