მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​სალომე ზურაბიშვილი - ვახტანგ ღამბაშიძემ კურორტ "ცემის" დაარსებით პირველი ნაბიჯი გადადგა, ჩვენ კი, ა

​სალომე ზურაბიშვილი - ვახტანგ ღამბაშიძემ კურორტ "ცემის" დაარსებით პირველი ნაბიჯი გადადგა, ჩვენ კი, ახალი ხედვით მისი წამოწყებული საქმის გაცოცხლება უნდა შევძლოთ

საქართველოს პრეზიდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის, ექიმ "ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის" პრეზენტაციას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა ვახტან ღამბაშიძის მოღვაწეობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი, როგორც პედაგოგიური ასევე, პრაქტიკოსი ექიმის საქმიანობა ძალიან დასაფასებელია.
პრეზიდენტის განცხადებით, ვახტანგ ღამბაშიძე იყო ადამიანი, რომელსაც ევროპული ხედვა ჰქონდა სანამ ჩავიდოდა ევროპაში, იყო იმ ინტელიგენციის ნაწილი, რომელიც ქართველობას და საქართველოს ევროპულ მომავალს ერთმანეთისგან არ მიჯნავდა. მისი ოჯახის უნივერსიტეტისგან გამიჯვნა შეუძლებელია, რადგან, ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ ქართულ უნივერსიტეტთან. თავად ვახტანგ ღამბაშიძე და მისი მეუღლე საკუთარი განცხადების საფუძველზე უსასყიდლოდ კითხულობდნენ ლექციებს უნივერსიტეტში, მათი ქალიშვილი მედეა ღამბაშიძე - ნიკოლაძე კი, უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი იყო და დღესაც შემორჩენილია მისი პირველი სტუდენტის ბარათი.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქვეყნოდ ცნობილმა ექიმმა ვახტანგ ღამბაშიძემ კურორტი ცემი დააარსა, პირველი ბალნეოლოგიური კურორტი და მან პირველი ნაბიჯი გადადგა ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, რადგან მედიცინა, კურორტები, ბალნეოთარაპია საქართველოს მომავალია და ძალიან საინტერესოა, ის, რომ ვახტანგ ღამბაშიძე ამას ხედავდა. ჩვენ კი, ახალი ხედვით მისი წამოწყებული საქმის გაცოცხლება შეგვიძლია.
წიგნში გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ სანატორიუმ "პატარა ცემის" შთაბეჭდილებათა წიგნში 1904 -1946 წლებში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერები.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვახტანგ ღამბაშიძის ოჯახი ასევე გამორჩეული იყო საფრანგეთის ემიგრაციაში.  მისი და ემიგრაციის ნაწილის მოღვაწეობა კარგად ჩანს დღეს წარმოდგენილ წიგნში.
"მათ ბინაში, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, იმართებოდა საფრანგეთის ემიგრაციის წარმომადგენლების ის მნიშვნელოვანი შეკრებები, რომლის ირგვლივაც ცოცხლობდა ემიგრაცია.
მე კარგად მახსოვს მათი შვილები და შვილიშვილები და შეიძლება ითქვას, მათთან გავიზარდე. ჩვენი ოჯახები, ნიკოლაძეების სხვადასხვა შტოები, ძალიან დაახლოებულნი იყვნენ მათთან", - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა წიგნის შემქმნელებს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა.
Add to Twitter Add to Facebook