მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები

​საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები

საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა დღეს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
 

საქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტს ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ დღეს არის ისტორიული დღე, რადგან 27 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტი ჩამოვიდა.
 

,,ამ ვიზიტისათვის მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო მას და აღვნიშნო, რომ ეს ჩვენი ურთიერთობების ახალი ეტაპია.

შეხვედრაზე განვიხილეთ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურმა ურთიერთობებმა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების დონეზე აიწიოს.

ამისათვის ხვალ იმართება საქართველო - კვიპროსის ბიზნესფორუმი. ურთიერთობათა განვითარების მიმართულებით ტურიზმისა და ტექნოლოგიების სფეროში ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. ტექნოლოგიების მიმართულებით კი, კვიპროსს საქართველოსათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეუძლია.

ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვიპროსის დახმარების შესაძლებლობებზე და იმ საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ჩატარდება ბათუმში. იმედი მაქვს, რომ კვიპროსი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

შეხვედრებზე ვისაუბრეთ ცირკულარული მიგრაციის შესახებაც, რომელიც საქართველოს მხრიდან ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მიმართ ერთ-ერთი სერიოზული მოთხოვნაა და კვიპროსმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ კუთხით ჩვენს ქვეყნებს შორის შეთანხმება შედგეს.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ყველანაირი დახმარება ამ ჩვენს გზაზე - ,,მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში“, კვიპროსის, როგორც ევროკავშირში საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვართ სტაბილური ქვეყნები, ოკუპირებულ ტერიტორიებთან (საქართველო) და კონფლიქტთან (კვვიპროსი) დაკავშირებული სერიოზული პრობლემით. ორივე ქვეყნის მხრიდან არსებობს საჭიროება და მზადყოფნა, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვიაროთ ამ მდგომარეობისა გადასაწყვეტად.

ეს არის ასევე, მნიშვნელოვანი ერთობლივი გამოცდილება ორი, პატარა ქვეყნისათვის, რომელიც ცდილობს თავისი დამოუკიდებლობა გაამყაროს და მშვიდობიანი გზით მოახდინოს დღევანდელი მდგომარეობის ცვლილება.

კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო კვიპროსის პრეზიდენტს, იმისათვის, რომ საოკუპაციო ხაზზე კვიპროსი სამი წარმომადგენლით მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რაც საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია და გამოხატავს სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევ მხარდაჭერას.

საჭიროა განვაგრძოთ ურთიერთობების ეს გზა, არა მხოლოდ იმ მიმართულებით, რასაც მოიცავს დღეს ხელმოწერილი დოკუმენტები - ინფორმაციის გაცვლის, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის კუთხით, არამედ, ყველა, სხვა მიმართულებებითაც.

საჭიროა გავაძლიეროთ და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები განათლებასა და კულტურაში - განათლების კუთხით ერთობლივი პროგრამები ევროკავშირში და ერთობლივი პროექტები არქეოლოგიაში.
ეს ურთიერთობები უნდა გავაძლიეროთ, რადგან ჩვენ ვართ დიდი, ისტორიული კავშირების მქონე ორი ქვეყანა. კიდევ

ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კვიპროსის პრეზიდენტს მისი ვიზიტისათვის და ვისურვო, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კვიპროსის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
,,ჩვენ ორმხრივად დავუჭერთ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, ჩვენც დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას თავიდანვე უჭერდა კვიპროსი მხარს. ამას ძალიან დადებითი შედეგები მოჰყვა და მინდა, რომ ასევე დადებითი შეფასება მივცე იმ მცდელობებს, რომელსაც როგორც პირადად თქვენ, ასევე მთავრობა ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისათვის. კვიპროსელი ხალხის სახელით, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და გაერო-ს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის და ვინაიდან საერთო პრინციპები გვაქვს, თქვენი მხარდაჭერა ამ რეზოლუციებში ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.

Add to Twitter Add to Facebook