მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მილოცვები მსოფლიოს სხვადას

​საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მილოცვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღო

ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს: იაპონიის იმპერატორმა, საუდის არაბეთის, მაროკოსა და ნიდერლანდების მეფეებმა, ასევე: ავსტრიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, შვეიცარიის კონფედერაციის, ლიეტუვის, პოლონეთის, ფილიპინების, სინგაპურის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის პრეზიდენტებმა.
 
"ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მსურს, კოვიდ-19-ის პანდემიის რთულ პერიოდში, გისურვოთ პირადი კეთილდღეობა, ასევე საქართველოს ბედნიერი და მშვიდობიანი მომავალი. რაც ეხება არსებული გარემოებების გამო გადადებულ თქვენს სამუშაო ვიზიტს ვენაში, იმედს ვიტოვებ, რომ შეძლებისამებრ სწრაფად მოვახერხებთ მის ხელახლა დაგეგმვას", - აღნიშნა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენიმ.
 
დამოუკიდებლობის დღე წელს განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ჩატარდება. ვისურვებდი, რომ კორონა-ვირუსით გამოწვეული უმაგალითო გამოწვევები მსოფლიოს მასშტაბით ერთობლივი ძალისხმევით დაგვეძლია. ევროპა ქმნის ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ კრიზისის დროს ვთანამშრომლობთ. გერმანია ამ სიტუაციაში თქვენ და თქვენს ქვეყანას მეგობრის სტატუსით მხარში უდგას.
 
სიამოვნებით ვიხსენებ ჩემს ვიზიტს თქვენს ქვეყანაში 2019 წლის ოქტომბერში და იქ გამართულ ბევრ საინტერესო და ნაყოფიერ შეხვედრას. კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიას შორის ემყარება ძლიერ ფუნდამენტს, რომელსაც ამაგრებს მრავალფეროვანი კონტაქტები ჩვენი საზოგადოების ყველა დონეზე.
 
ჩვენი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც მთელი ძალისხმევით ხელს შეუწყობს დემოკრატიის გაძლიერებას, საზოგადოებრივი პოლარიზაციის დაძლევას და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას საქართველოში", - აღნიშნულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ - ვალტერ შტაინმაიერის მილოცვაში.
 
"პოლონეთს და საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ, ჩვენი ერების და სახელმწიფოების ისტორიაში მრავალი მსგავსება და საერთო თვისება გვხვდება. ჩვენ არა მხოლოდ ღრმა მეგობრობა და თავისუფლების სიყვარული გვაერთიანებს, არამედ მსგავსი ისტორიული გამოცდილება, რომელიც უკავშირდება ძლიერ მეზობლებთან სუვერენიტეტისთვის ბრძოლას. ამ ბრძოლის დროს ჩვენი ერები ასე დაუხლოვდნენ ერთმანეთს.
 
ასევე დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო აღმოჩნდა კოროვირუსული პანდემიის უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე, მტკიცედ მჯერა, რომ მხოლოდ სოლიდარობით და ერთად დგომით, ჩვენ არა მხოლოდ გადავლახავთ პანდემიას, არამედ უფრო ძლიერები გამოვალთ ამ რთული ვითარებიდან", - აღნიშნა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მისალოც წერილში.
 
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომავალში, საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს ბულგარეთის მხარდაჭერას მისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის განხორციელების კუთხით. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხებზე, ისევე როგორც, ურთიერთთანამშრომლობის ყველა სხვა თემაზე, ვისაუბრებთ თქვენი მომავალი ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთში,"- აღნიშნა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა მისალოც წერილში.
 
"როცა ჩვენ ამ თარიღს აღვნიშავთ, ვდგავართ ყველასათვის უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე კოვიდ-19-ის პანდემიის სახით. მსურს თქვენ, თქვენს მთავრობას და საქართველოს ხალხს ძალა, გამბედაობა და ჯანმრთელობა გისურვოთ, რათა ყველამ ერთიანი ძალისხმევით გავაგრძელოთ კორონავირუსის დამარცხება", - აღნიშნა მისმა უდიდებულესობამ ნიდერლანდების მეფემ ვილემ - ალექსანდერმა.
 
"შეატყობინეთ თქვენს ერს, რომ გაერთიანებული საემიროების ხალხი იზიარებს თქვენს ბედნიერებას ამ ისტორიულ დღეს", - აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანის მილოცვაში.
 
"მე მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთგაგების, პატივისცემის და ნდობის პრინციპებს ეფუძნება, კიდევ უფრო განმტკიცდება ჩვენი ხალხების სასარგებლოდ", - თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი.
Add to Twitter Add to Facebook