მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის კულტურულ სივრცეში ქართული კულტურის ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყ

​საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის კულტურულ სივრცეში ქართული კულტურის ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის ინიციატივით გამოდის

აღნიშნული ინიციატივის განსახილველად დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც კულტურული ფასეულობების დაცვასა და სამუზეუმო კოლექციების განვითარებას ეხებოდა.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესს, თუმცა ევროკავშირის კულტურულ სივრცეში ქართული კულტურის სრულფასოვანი ინტეგრაცია სცდება პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ჩარჩოებს და სოციო-კულტურულ პროცესად გვევლინება.

ამ პროცესში კი, პრეზიდენტს განსაკუთრებული როლი აქვს, მას შეუძლია ერთგვარი ელჩის ფუნქცია შეასრულოს საერთაშორისო დონეზე ქართული სახელოვნებო სივრცის ინტერნაციონალიზაციისთვის, ინსტიტუციონალური განვითარებისა და ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ხელოვნების სასახლის მენეჯმენტის საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც კულტურული ფასეულობების იმპორტის საბაჟო გადასახადიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მუზეუმების ფონდების შევსებასა და განახლებას. აღნიშნული წინადადება მზადდება საინიციატივო ჯგუფის მიერ პარლამენტში წარსადგენად და პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, ბევრად გააადვილებს სახელოვნებო ბაზრობის მოწყობასაც.

,,კულტურა ჩემი საქმიანობის პრიორიტეტია. საქართველოში უნდა გამოცოცხლდეს კულტურის ისეთი მიმართულება, როგორიცაა მუზეუმები, გალერეები, სახელოვნობო ბაზრობები, რომელიც ძალიან გვჭირდება ამ რეგიონში. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. საქართველოს მდებარეობა და მიმზიდველობა კულტურის კუთხითაც იმის შანსს გვაძლევს, რომ გავხდეთ რეგიონის ცენტრი. რამდენიმე მიმართულებით უკვე ვმუშაობთ. ჩემს პროტოკოლში გვინდა ჩავსვათ საქართველოს ოქროს ფონდის დათვალიერება. მიმაჩნია, რომ საქართველოს მაღალი რანგის სტუმრებმა აუცილებელია გაიცნონ ჩვენი სიძველეები და ღირსშესანიშნაობები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შსს-ს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, ეროვნული მუზეუმის, ხელოვნების სასახლის, სახვითი ხელოვნების მუზეუმის, ICOM-ის, TAF-ის, გალერისტები, დილერები, ექსპერტები, მეცნიერები ესწრებოდნენ.

Add to Twitter Add to Facebook