მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტის განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

​საქართველოს პრეზიდენტის განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით

ჩვენ შევიკრიბეთ იმ შემაშფოთებელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კლიმატის გამო, რომელიც საქართველოში პირადი ცხოვრების კადრების გამხელასთან დაკავშირებით შეიქმნა.
 
პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ემუქრებიან შანტაჟით და ვისაც ემუქრება ეს ბნელი ძალა. მინდა მოგმართოთ ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა, ან მსოფლმხედველობის, მე ვდგევარ თქვენს გვერდით და მუდამ დაგიცავთ და მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს, ამის საბუთად შემიძლია დღეს ღიად საზოგადოებას ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო! მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება მომავალში! იცოდეთ, ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ უაზრო, შავბნელ სტიგმას.
 
ახლა იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩემი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება - თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს! თქვენი ამ შავაბნელი იდეებით არასდროს ცხოვრობდა ქართველი - ქართველი, რომელიც იყო თავისუფალი!
 
მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას - ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფლები! თავისუფალი ნიშნავს - არ გვეშინოდეს, და იმისთვის, რომ არ გვეშინოდეს, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში!
 
ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ამ ამაზრზენ ვიდეოებს, აი ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, ამაზრზენს იმიტომ კი არა რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, იმიტომ რომ მისი გადაღებაა ამაზრზენი და ავადმყოფი, უნდა იცოდეს, რომ იგი მორალური თანამონაწილე ხდება აი ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების.
 
მე მინდა გითხრათ, რომ დილიდან ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ამ თემის განხილვაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერმინისტრთან, ძალოვან უწყებებთან, და მსურს დაგარწმუნოთ  რომ ყველა სახელმწიფო სისტემა, ყველა თავისი რესურსით მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს. ეფექტი ნამდვილად იქნება.
 
შეიძლება ძალიან მალე გაიხსნას კონკრეტული დანაშაული, მაგრამ თუ საზოგადოებამ არ ვაჯობეთ და არ გადავაბიჯეთ, იმას რომ ვიღაცა ფიქრობს, თითქოს ამით შესაძლებელია მოქალაქეების დაშანტაჟება, პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა და შეიძლება ეს ჩვენ გვაინტერესებდეს, ანდა ისეთი ავადმყოფი ფსიქიკა გვაქვს, რომ  შეიძლება ამაში ჩავერთოთ - ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ! და არა მარტო კრიმინალის გახსნით, არამედ ამ ყველაფრის ღიად დაგმობით და ამის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმით!
 
დღეს მე ვხვდები საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა ყველამ ერთად ვიფიქროთ როგორ მოვიგოთ არამხოლოდ ბრძოლა კრიმინალთან, არამედ ბრძოლა კრიმინალურ მენტალიტეტთან, რომელიღაც ადამიანების გონებაში, რომლებსაც ჰგონიათ რომ ქართულ საზოგადოებაზე მოახდენენ გავლენას. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ბრძოლა იქნება მოგებული და ის ნაძირლები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი თავისუფალი საზოგადოების დაშანტაჟებას იქნებიან დამარცხებულნი და იქნებიან სამარცხვინოდ და სამაგალითოდ დასჯილნი!
 
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის "ეს შენ გეხება" მონაწილე არასამთავრობოებთან შეხვედრისას გააკეთა.
 
 
Add to Twitter Add to Facebook