მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა ივანე კუპრაძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა

​საქართველოს პრეზიდენტმა ივანე კუპრაძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელს ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ პარკში მომხდარი ხანძრის ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსი ივანე კუპრაძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი ორბელიანების სასახლეში ივანე კუპრაძის მეუღლეს, ნათია მულაძეს გადასცა და ხაზგასმით აღნიშნა ივანე კუპრაძის ღვაწლი.
 
"თქვენი მეუღლე იმ ადამიანთა შორისაა, რომლებიც უდიდესი პროფესიონალიზმითა და თავდადებით უვლიან საქართველოს ბუნებასა და ჩვენს საგანძურს.
 
17 წელი ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკის სამსახურში ყოფნა და ჩვენი ბუნების დაცვისათვის მუშაობა ძალიან დიდი ღვაწლია.
 
მინდა, გამოვყოთ ჩვენი გმირები. თქვენი მეუღლე ნამდვილად ამ ქვეყნის გმირია, რომელიც ემსახურებოდა მომავალი თაობებისათვის ჩვენი არაჩვეულებრივი ბუნების შენარჩუნებას.
 
ბუნების დაცვა დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნების დაცვა ჩვენი მომავალი თაობის დაცვაა!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
პრეზიდენტმა რეინჯერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რეინჯერის პროფესიის მნიშვნელობაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა, ჩვენს ქვეყანაში რეინჯერების უფრო მეტად დაფასება.
 
"მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა. ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი რეინჯერი სჭირდება, რადგან დღეს ძალიან ცოტა გვყავს იმის დასაცავად, რაც დასაცავია.
 
ქვეყნის მომავალი მხოლოდ ბიზნესში, ან სამართალის ცოდნაში არ არის. ქვეყნის მომავალი სწორედ იმ პროფესიებშია, რომელებიც იცავენ ქვეყანასა და მის მომავალს! - ჩვენი ერთობლივი მოვალეობაა, რომ ეს მომავალ წლებში მეტმა ახალგაზრდამ დაინახოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Add to Twitter Add to Facebook