მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა

​საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ანა დოლიძე დაასახელა.
 
„ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს შეუწყვიტა უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე ჩვენ დაგვიდგა ვალდებულება, რომ ახალი კანდიდატი წარვადგინოთ უზენაეს სასამართლოში.
 
საქართველოს პარლამენტს მე, უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად წარვუდგენ ანა დოლიძის კანდიდატურას. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა თავისი პრინციპულობითა და უსამართლობასთან ბრძოლით. მაღალი პროფესიონალიზმით და უშიშარი პოზიციით ერთერთ ყველაზე გახმაურებულ, გირგვლიანის საქმეზე, წინა ხელისუფლების დროს.
 
დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ანა ამ მნიშვნელოვან პოსტზე კვლავ შეინარჩუნებს იმ ღირებულებებს და პრინციპულობას, რაც მას ბევრი ჩვენგანივით ახასიათებდა და შეძლებს დაიცვას მომავალშიც.
 
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადებში  განაწესებს ქალბატონ ანას ამ სამსახურში“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
"ჩემთვის უდიდესი პატივია საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასახელება.
 
ეს არის პატივი გასაკუთრებით იურისტებისათვის. მოგეხსენებათ, ყველა იურისტის კარიერის აპოთეოზად ხშირად, სწორედ უზენაესი სასამართლოს წევრობა ითვლება.
 
მე დაახლოებით ერთი წლის წინ დავბრუნდი საქართველოში, სწორედ იმ გამოწვევით, რომ მემსახურა ჩემი სამშობლოსთვის. შესაბამისად დღეს, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების და რეფორმირების პროცესი, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი, კომპეტენტური კადრების ყოფნა სასამართლო სისტემაში. მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვიღებ ამ დასახელებას. იმედი მაქვს რომ ჩემი დიდი გამოცდილება და სამეცნიერო მოღვაწეობა, გამოადგება სასამართლო სისტემას", - აღნიშნა ანა დოლიძემ.
 
 
Add to Twitter Add to Facebook