მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი - ძალადობის გარდამტეხია ხალხი, რომელიც ყოველდღიურ აგრესიას მეორე ადამიანზე ზრუნ

გიორგი მარგველაშვილი - ძალადობის გარდამტეხია ხალხი, რომელიც ყოველდღიურ აგრესიას მეორე ადამიანზე ზრუნვით შეცვლიან - ასე შედგება საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია შეაჯამა და აღნიშნა, რომ დღეს ქართული საზოგადოების წინაშე დგას არა მხოლოდ ფემიციდის პრობლემა, არამედ სელექციური აბორტის, ადრეული ქორწინების და სწავლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პრობლემები.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, სასახლეში გამართულ მიღებაზე გააკეთა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კვირეულს მიეძღვნა.
"ქალებზე ძალადობის პრობლემის წინაშე თითოეული ჩვენთაგანის ხმის ამაღლება და იმის თქმა, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია, არის ის, რაც შეცვლის ხვალინდელ დღეს და ჩვენი დედების, დების, ცოლების და იმ საზოგადოების ხვალინდელ ყოფას, რომელშიც ვარსებობთ.
იმისთვის, რომ რეალურად გავიაზროთ რასთან გვაქვს საქმე, მე ვფიქრობ რომ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ სირთულეს, რომელშიც ეს ყველაფერი ხდება.
დღეს ჩვენს გამოსვლებში ჩვენ ვკონცენტრირდებით მხოლოდ მოძალადეებზე, მხოლოდ მკვლელებზე, მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც ჩადის დანაშაულის, მაგრამ თუ ბოლომდე გვინდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, საქმე ასე არ არის.
თუნდაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც ჩვენი საზოგადოება ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეეჯახა სამი ახალგაზრდის მკვლელობის კატასტროფას და ის რეაქცია, რაც ჩვენ ამაზე მივეცით, როგორც საზოგადოებამ ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენ უფრო უნდა გავიაზროთ თითოეული მოქალაქის როლი, რა როლს ვთამაშობთ როგორც ერთიანი საზოგადოებრივი სხეულის შექმნის პროცესში. არამარტო როგორც სამართალდამცავები, არამარტო როგორც კანონმდებლები, არამარტო როგორც პოლიტიკოსები, არამედ როგორც საზოგადოების წევრები.
ჩვენ უნდა თვალი გავუსწოროთ იმ მოვლენას, რომ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება.
საზოგადოება, რომლისთვისაც ერთმანეთთან ძალადობის ენით საუბარი მისაღები, გასაგები და ხშირ შემთხვევაში მოსაწონია.
შევხედოთ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ამ ყველაფრით, შევხედოთ რანაირად ვეურთიერთობებით  ერთმანეთს. აგრესიული ადამიანი, ადამიანი, რომელიც აგრესიის ფორმით გამოხატავს თავის პოზიციას აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. ამას ვახორციელებთ ჩვენ მასკულტურაში, ამას ვახორციელებთ ჩვენ მასკომუნიკაციაში.
რელიგია, რომლის ორი ამოსავალი ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებაა გიყვარდეს მტერი შენი და ნუ განიკითხავ სხვა ადამიანს, ჩვენ მოვახერხეთ და ვაქციეთ ერთმანეთისთვის თავში "ტაბურეტის" ჩარტყმის საშუალებად. ის ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, ხშირად, მათი რიტორიკაც სავსეა აგრესიით.
პოლიტიკაზე თუ მკითხავთ მე თქვენ გეტყვით, რომ ყველაზე მეტად დაფასებულია ის პოლიტიკოსი, რომელიც თავის პოზიციას აგრესიულად გამოხატავს.
როგორც ადამიანი, რომელიც დიდი ხანია საზოგადოებრივ სივრცეში ვტრიალებ და როგორც პოლიტიკოსი, გეტყვით სამწუხარო რეალობას, რომ რაც უფრო აგრესიულად გამოვდიოდი, ან გამოვდივარ, მით უფრო მოსაწონი ვარ ხოლმე საზოგადოებისთვის.
მით უფრო მეტად მოსწონთ, რომ კი უფრო, უფრო აგრესიული იყავი, უფრო შემტევი იყავი. ეს არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ ვტრიალებთ. ამ სივრცის ფარგლებში მერე, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი შვილი აგრესიის მსხვერპლი იქნება...
დღეს მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო და მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიძლიერე, სახელმწიფოსგან მინიჭებული უფლებები, თავისი პროფესიონალიზმი, სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმართა.
დღეს აქ შეკრებილები ვართ სახელმწიფოს სამივე შტოს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, რომელიც დიდი ძალაა, მაგრამ ძალადობის გარდამტეხი ის ხალხია, ვინც ახლა ტელევიზორთან ზის და ვინც უნდა თავისი ყოველდღიური აგრესია შეცვალოს მეორე ადამიანზე ზრუნვით, ასე დგება საზოგადოებები.
საზოგადოება, სადაც ძლიერი მჩაგვრელია, არ არის საზოგადოება. საზოგადოება არის იქ, სადაც ძლიერი არის დამცველი. აქედან გამომდინარე, მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს 112 სამსახურიდან, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებით პასუხობენ საზოგადოების ზარებს და მიმართვებს. ისინი არიან პირველი ხმა, რომელსაც მიმართავს ხოლმე დაჩაგრული ადამიანი და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ქალბატონები.
მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პატრულს, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა ადამიანებს ასეთი პრობლემების დროს. ის ადამიანები, ვისაც ჩვენ მივეცით იარაღი, ვისაც მივეცით ძალაუფლება, ვისაც მივეცით ხელში ძალა, ეს ადამიანები ამ ძალას სწორედ ჩაგრულთა დასაცავად იყენებენ, მათი პრობლემების შესამსუბუქებლად.
მადლობა ყველას და იმედი მაქვს, რომ ამ ბევრი, ტრაგიკული შემთხვევის გააზრებით, რომელიც მოხდა ქალებთან და ბავშვებთან მიმართებაში, ჩვენ ჩვენს ძალას, როგორც ძლიერი ადამიანები, გამოვიყენებთ საზოგადოების აღსაზრდელად და მაგალითის საჩვენებლად - რას ნიშნავს ძლიერი ადამიანი.
დღეს ჩვენ სახელმწიფო ჯილდოებს გადავცემთ იმ გამორჩეულ ადამიანებს, რომელთა მუშაობაც ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულია"-, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხუთი პოლიციელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

Add to Twitter Add to Facebook