მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი - სამშობლოს მსახურების ღვაწლი გიორგი მაზნიაშვილის სახელით არ დამთვრდება

გიორგი მარგველაშვილი - სამშობლოს მსახურების ღვაწლი გიორგი მაზნიაშვილის სახელით არ დამთვრდება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კასპის რაიონში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლმუზეუმი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
 
"ღვაწლი, რომელიც წმინდა გიორგიმ თავის დროზე მოწამეობრივად გაიარა არაერთხელ განმეორებულა ჩვენი ერის ისტორიაში. არაერთი ადამიანი ყოფილა, რომელსაც იგივე იდეალით უცხოვრია. ყოფილა მებრძოლი, იარაღით ხელში და ამავე დროს ემსახურებოდა ყველაზე ნათელ იდეალებს, ემსახურებოდა სამშობლოს - საქართველოს.
 
ერთერთი ასეთი ადამიანი იყო ჩვენი ქვეყნის გენერალი გიორგი მაზნიაშვილი, რომელიც დაიბადა სწორედ აქ, სოფელ სასირეთში და თავის სამშობლოს სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა.
 
ბუნებრივი იყო, რომ გიორგობას აქ მოვსულიყავით. მე დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა გიორგის ღვაწლი მახვილით ხელში, სამშობლოს მსახურების ღვაწლი არ დამთვრდება გიორგი მაზნიაშვილის სახელით.
 
ეს ღვაწლი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც აქ, კასპში, საქართველოს სხვა სოფლებში და ქალაქებში ჩვენთან ერთად ზეიმობენ მომავალი გენერლები, მომავალი მხედართმთავრები და მომავალი ჯარისკაცები.
 
სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ამაყად ვიზეიმეთ ქართული არმიის 25 წლისთავი. იქ იდგნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და მშვიდობას მსოფლიოს მასშტაბით იცავენ. ეს ძალა ჩვენს ერს აქვს და ეს ძალა არასდროს გაჩერდება. ამ ძალამ მოგვიყვანა დღემდე პატარა ერი. არა მხოლოდ როგორც კულტურა, არამედ როგორც სახელმწიფო.
 
გაუმარჯოს გიორგი მაზნიაშვილის ხსოვნას. გაუმარჯოს მის საქმეებს და გაუმარჯოს იმ მომავალ საქმეებს, რომელსაც აქ მდგომი ადამიანები გაუკეთებთ და შესწირავთ სამშობლოს.
 
კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს და საქართველოს!"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები ფიქრია ჩიხრაძე და ელენე აბაშიძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
 
Add to Twitter Add to Facebook