მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილმა საჭადრაკო პროექტში „მილიონი სვლა“ პირველი სვლა გააკეთა

გიორგი მარგველაშვილმა საჭადრაკო პროექტში „მილიონი სვლა“ პირველი სვლა გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა, საჭადრაკო პროექტში „მილიონი სვლა“ პირველი სვლა გააკეთა. მას საპასუხო სვლით საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ვაჟი- ლევან ანწუხელიძე დაუპირისპირდა.
საჭადრაკო პროექტის მიზანი ჭადრაკის პოპულარიზაციისათვის მსოფლიოს ხალხების ჩართულობისა და ინტეგრაციის გაზრდაა. მოთამაშეები თითო სვლას „მილიონი სვლისთვის“ სპეციალურად შექმნილი ონლაინპლატფორმის მეშვეობით აკეთებენ.
პლატფორმა, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის ონლაინსაჭადრაკო სივრცეში ცნობილმა chess.com-მა შექმნა, ერთგვარი ხიდია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ადამიანებისთვის.
პროექტის იდეა ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტ ზურაბ აზმაიფარაშვილსა და ქართველ ჭადრაკის მოყვარულ, კვლევისა და განვითარების ასოციაციის დირექტორ ალექსანდრე სულავას ეკუთვნის.
„მილიონი სვლა“ ესაა ქართული ინოვაცია, რომელიც, უპირველესად, ჭადრაკის და საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. ონლაინტურნირი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დასრულდება.
მსოფლიო ოლიმპიადას საქართველო, კერძოდ კი ბათუმი, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე უმასპინძლებს და ჩვენს ქვეყანას 189 ქვეყნიდან 4000-მდე სტუმარი ეწვევა.
საჭადრაკო პროექტში დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა.
Add to Twitter Add to Facebook