მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ჟერარ ლაშერი - საქართველოს პრეზიდენტს ზომიერი და პრაგმატული ხედვა აქვს რეგიონის განვითარებაზე

ჟერარ ლაშერი - საქართველოს პრეზიდენტს ზომიერი და პრაგმატული ხედვა აქვს რეგიონის განვითარებაზე

საფრანგეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს ჟერარ ლაშერს შეხვდა.
 
საფრანგეთის სენატის ეზოში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც საფრანგეთის რესპუბლიკის გვარდიის საპატიო ყარაულის პირადი შემადგენლობა და კავალერია მონაწილეობდა.
 
შეხვედრისას მხარეებმა საფრანგეთსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
 
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის სენატის თავმჯდომარემ ჟერარ ლაშერმა განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას და პრეზიდენტის შეტყობინებებიდან ნათელი გახდა, რომ ეს პარტნიორობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
 
"იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ყველა ვალდებულება შეასრულა, სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ახლა საკითხი დგას ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე, ვფიქრობ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს ისეთი შედეგი, რასაც საქართველო მოელის“, - განაცხადა ჟერარ ლაშერმა.
 
მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე რუსეთთან ურთიერთობს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გავლენას მთელს რეგიონზე.
 
“საქართველოს პრეზიდენტს ძალიან ზომიერი და პრაგმატული ხედვა აქვს რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელშიც საქართველოს უდიდეს როლს ასრულებს და მათ შორის ,,აბრეშუმის გზის” პროექტზე.
 
რა პოლიტიკური ხედვის ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს საფრანგეთში არასოდეს შეიცვლება საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში”-განაცხადა ჟერარ ლაშერმა.
 
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, გამოიკვეთა საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია, რომ მიუხედავად რთული საერთაშორისო კონტექსტისა საფრანგეთი ამჩნევს, მხარს უჭერს და მიიჩნევს, რომ საქართველო რეფორმების თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანაა და განწყობილნი არიან მაქსიმალური მხარდაჭერისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით.
 
"როგორი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მათ ნებაზე, ვიმეორებ, რთულია საერთაშორისო კონტექსტი, მაგრამ საქართველოს მიმართ, მათი დამოკიდებულება არის გამორჩეულად პოზიტიური, და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ, რომ რეალურ შედეგზე გავიდეთ”, -განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, ფრანგულმა მხარემ ძალიან დიდი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ყველანაირი მხარდაჭერა აღგვითქვა ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით.
 
“აღინიშნა, რომ საქართველო ტექნიკური თვალსაზრისით ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, როგორც ერთი ასევე მეორე მიმართულებით, იმისათვის, რომ პროგრესი დაფიქსირდეს”, -აღნიშნა დავით დონდუამ.
 
საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის სენატის თავმჯდომარის შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის დელეგაცია და სენატის საფრანგეთ-კავკასიის მეგობართა ჯგუფის წევრები დაესწრნენ.
Add to Twitter Add to Facebook