მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტი ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი

პრეზიდენტი ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შალვა რადიანის სახელობის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიებას "კალანდა 2020"-ს დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას კალანდობა მიულოცა და ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა: „გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენს ჩიჩილაკს და კალანდობას მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი“. პრეზიდენტის განცხადებით, უნდა ვიფიქროთ მომავალში იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ჩიჩილაკისა და კალანდობის წარდგენაზე.

უზეუმი, სადაც პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისათვის კალანდობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდა სოფელ დვაბზუში, 1985 წლის 20 ოქტომბერს აკადემიკოს შალვა რადიანის (შეწირულის) სახლში დაარსდა.

შენობა წარმოადგენს ძველებურ ოდა- სახლს ჩუქურთმებიანი მოაჯირით. რადიანის მუზეუმის ბაზაზე კი, 2009 წელს ეთნოგრაფიული მუზეუმი დაფუძნდა.

მუზეუმში წარმოდგენილია გურული კარ- მიდამოსათვის დამახასიათებელი დამხმარე ნაგებობები: სამზადი სახლი, ბეღელი, ნალია. ოდა- სახლი, მარანი და ჭა. ექსპონატებად კი წარმოდგენილია გურიისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და ყოფითი კულტურის ამსახველი მასალა: საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები: ოჯინჯალა, ჩეჩო, კერია, კეცი, ფილი, სპილენძის თუნგი, კარდალა, ხის გობი, ხის ჯამები, აკვანი, საჩეჩელი, ორშიმო, გოდორი, კალათი, სკამ-ლოგინა, შუაცეცხლზე ჩამოსაკიდი ჯაჭვი, კოპე, ორკოპე, ხის მაგიდა სამფეხა სკამებით, ჩამური და სხვ.
Add to Twitter Add to Facebook