მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა

პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა

"მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოებავ!

დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს იმ თემაზე, რომელიც დავიწყეთ შარშან, ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობისთვის ძალიან აქტუალურ საკითხზე - ქალთა როლის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.  გადავწყვიტეთ, რომ წელს ახალი ფორმა მივცეთ ჩვენ ძალისხმევას, განახლებული ენერგიით გავაგრძელოთ მუშაობა, და ეს დავიწყოთ წლევანდელი წლის - 2015 წლის ‘ქალის წლად’ გამოცხადებით.

მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება იმაზე, თუ რამ განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება და რა ვითარება გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ იმ მნიშვნელობას, რომელიც ქალებს აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. თუ ჩვენ შევხედავთ ვითარებას, რომელშიც როგორც საზოგადოება, როგორც ქვეყანა, დღეს ვიმყოფებით, ვნახავთ, რომ ქალების როლი მართლაც ფასდაუდებელია.

ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც შეირყა ჩვენი საზოგადოების ფუნქციონირების  დადგენილი სტრუქტურები,  საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური ინსტიტუტების ნგრევის მძიმე შედეგები ძირითადად სწორედ ქალებმა იტვირთეს საკუთარ თავზე. ცვალებად პირობებს ქალბატონები უფრო იოლად მოერგენ და რეალურად გადაარჩინეს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა.

აქვე, ძალიან საგულისხმოა, რომ ის ემიგრაცია, რომელიც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანწილად აცოცხლებს ქართულ ეკონომიკას, უმეტესად  ქალბატონებისაგან შედგება.

ის როლი, რომელსაც ქალი თამაშობს ქართული საზოგადოების სტაბილურობაში - როლი, რომელიც დაკავშირებულია ოჯახთან, ახალი თაობის აღზრდასთან - ასევე ძალზე არსებითია. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულწილად დისბალანსიც კი გვაქვს.

ჩემი აზრით და ჩვენი შეფასებებით, ქალბატონები ქართულ საზოგადოებაში უდიდეს  ეკონომიკურ, საზოგადოებრივ ფუნქციას და როლს თამაშობენ. მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველივე ეს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ადეკვატურად არ არის ასახული პოლიტიკურ ინსტიტუტებში. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის 11% ქალბატონებისა საკანონმდებლო სტრუქტურაში, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე, ჩემი აზრით, ძალიან არაადეკვატურია.

ამავე საკითხს უკავშირდება ის სამწუხარო სტატისტიკა, და ალბათ სტატისტიკა არასწორი სიტყვაა - ის  რეალობა, რომელიც ჩვენ შარშან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებმა დაგვანახა და რომლის ადეკვატური ახსნა ჯერ-ჯერობით არ მოგვიძებნია. არ მოგვიძებნია პასუხი კითხვაზე: რა იყო ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ის შოკისმომგვრელი რეალობა - იმედი მაქვს, რომ წარსულ დროში ვსაუბრობთ მასზე -  რომლის გამოც შარშანდელი წელი ასეთი ტრაგიკული იყო ყოველი ჩვენგანისთვის.

საგულისხმოა,  რომ წელს სრულდება 20 წელი პეკინის დეკლარაციიდან, როდესაც მთელმა კაცობრიობამ გაიაზრა გენდერული უთანასწორობის სირთულე და განსაზღვრა ამ საკითხის გადაჭრის გეგმა.

აქედან გამომდინარე - გამომდინარე იმ სირთულეებიდან და საჭიროებებიდან, რომლის წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას, მე აუცილებლად მივიჩნიე, რომ 2015 წელი გამოგვეცხადებინა "ქალის წლად’’.

ამ თვალსაზრისით პრეზიდენტის ინსტიტუტი აქტიურად ითანამშრომლებს ყველა იმ წამოწყებასა და ინიციატივასთან, რომელიც მიმართული იქნება ჩვენს საზოგადოებაში არსებული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ, და აგრეთვე იმ პრობლემების გადაწყვეტისკენ, რომლებიც მას წარმოშობს.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ მიმართულებით ყველა წამოწყებას. გავააქტიურებთ ამ საკითხზე მომუშავე მიზნობრივ ჯგუფებთან  დიალოგს, რომელიც არსებობს, მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. ბუნებრივია, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიქნებით ჩართული ძალადობის ფაქტების მონიტორინგში.

ძალადობაზე პირდაპირი რეაგირება, რა თქმა უნდა, უშუალოდ აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა.  მაგრამ, გარდა ამისა, ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ მთელი საზოგადოება ვიყოთ ძალიან აქტიური მანამდე, ვიდრე ვითარება მივა ძალადობამდე, ვიდრე მოხდება კონკრეტული დანაშაული. იმისათვის, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის სრულიად მიუღებელი იყოს ძალადობა ზოგადად, და კერძოდ, ქალბატონებთან მიმართებით, აუცილებელია საინფორმაციო-საგანამანათლებლო მუშაობაც.  შესაძლოა ამ მხრივ პარლამენტის როლის გააქტიურებაც და ამ ნაწილშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ საკანონმდებლო ორგანოსთან.

ამოსავალი ბევრი პრობლემის არის ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში.  ამ თვალსზრისით არსებობს ინიციატივები და ბუნებრივია, ამ ინიციატივებს პრეზიდენტის ინსტიტუტი და ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ  ქალბატონები არა მხოლოდ ემსახურებოდნენ სამშობლოსა და თავიანთ ოჯახებს, უკეთეს ქვეყანას ქმნიდნენ, არამედ იღებდნენ გადაწყვეტილებებს ყველაზე მაღალ დონეზე, გვევლინებოდნენ ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინსტიტუტების ხელმძღვანელებად თუ წამყვან მუშაკებად.

მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის. მე აქ ვხედავ, როგორც ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებს, ასევე ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტებს. საბედნიეროდ,  ვხედავ ქალ პოლიტიკოსებს, რომელთა არსებობა ძალიან მახარებს. თუმცა რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ უფრო მეტნი იყვნენ. მე  აქ  ვხედავ დიპლომატიურ კორპუსს, ვხედავ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მომსახურე ქალბატონებს. ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, საგანგებო მადლობა მინდა გადავუხადო სახალხო დამცველს, რომელიც ყოველთვის ყურადღებით და გულისყურით ადევნებს თვალს ამ პრობლემატიკას. კიდევ ერთხელ მსურს გითხრათ, რომ პირადად პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახით თქვენ გყავთ თანამოაზრე და თანამებრძოლი და, აგრეთვე, ძალიან იმედიანად მყოფი ადამიანი, ვინაიდან მე რეალურად მიმაჩნია, რომ 2015 წელს ჩვენ სერიოზულ გარდატეხას შევიტანთ ამ პრობლემათა გადაწყვეტაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ იმ დღესასწაულებს - ახალ წელს, შობას, რომელიც ახლა ვიზეიმეთ და გილოცავთ 2015 წელს, როგორც ქალთა წელს. მზად ვარ თანამშრომლობისათვის, რათა ერთად წავწიოთ წინ ამ საკითხის მოგვარება.”

Add to Twitter Add to Facebook