მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტმა კახეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან რეგიონის პოტენციალსა და გამოწვევებზე ისაუბრა

პრეზიდენტმა კახეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან რეგიონის პოტენციალსა და გამოწვევებზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კახეთის რეგიონში სტუმრობისას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს. საქართველოს პრეზიდენტი კახეთის რეგიონში ტურისტული სეზონის მიმდინარეობით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ბევრი ტურისტი იხილა კახეთში და სასიამოვნოა, რომ რეგიონში ტურისტული ნაკადი არ შენელებულა.

პრეზიდენტის განცხადებით, კახეთში კვლავ სასმელი წყლის პრობლემაა და მისი მოგვარება დღის წესრიგშია, დედოფლისწყაროში ეს პრობლემა უფრო მძაფრად დგას. შეხვედრისას საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროექტებს.

,,დავათვალიერე ნუშის ახალი პლანტაციები უდაბნოში, სივრცეში, რომელიც მართლა უდაბნო იყო აქამდე, ასევე ლავანდასა და ზეთისხილის პლანტაციები. ეს არის ის ახალი სახეობები, რომელიც გაშენდა კახეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრადიციული სახეობების გარდა, მიმდინარეობს დივერსიფიკაცია და ახალი სახეობების გაშენება, რაც რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტმა რეგიონში დასაქმების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახეთში როგორც კვალიფიციური ისევე არაკვალიფიციური მუშახელის ნაკლებობაა ყველა სექტორში.
,, ყურძნისა და ატმის მოსავლის აღებისას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოჰყავთ ადამიანები დღეში 45 ლარად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების მიმართულებით",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და კახეთის რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდა.

 

პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, გუბერნატორის მოადგილე პლატონ კალმახელიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი​, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.

Add to Twitter Add to Facebook