მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   რეჟისორმა ირაკლი შონიამ ზუგდიდში საზოგადოებას, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ს

რეჟისორმა ირაკლი შონიამ ზუგდიდში საზოგადოებას, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვა გააცნო

ზუგდიდში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ დოკუმენტური ფილმის ,,გზა თავისუფლებისკენ“ ჩვენება გაიმართა, ფილმის რეჟისორმა ირაკლი შონიამ საზოგადოებას, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვა გააცნო:

- პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე.

ვწუხვარ, რომ ვერ ვესწრები ამ დღის აღნიშვნას თქვენთან ერთად სწორედ აქ - მის მშობლიურ კუთხეში.პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ 1991 წლის 31 მარტს დანიშნული რეფერენდუმი მისი უდიდესი დამსახურებაა ქვეყნის წინაშე.
რეფერენდუმის ჩატარებამ გაგვიხსნა გზა დამოუკიდებლობისკენ, - ხალხის ერთსულოვანი ნების გამოხატვით მან მოგვცა ყველაზე მყარი ნიადაგი სახელმწიფოს მშენებლობისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს ნება ერთნაირად იქნა გამოხატული აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები მოქალაქეების მიერ. სწორედ ეს ერთობის დემონსტრირებაა, რაც ასე ამყარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ლეგიტიმაციას. ამ გადაწყვეტილებისთვის საქართველო არის და იქნება პირველი პრეზიდენტის მადლიერი.
დღეს მე პირადად მაქვს პატივი, როგორც მეხუთე პრეზიდენტმა, გამოვხატო მადლიერება და ქედი მოვიხარო მისი ხსოვნის წინაშე.
ასევე, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსსტიტუტის მდგრადობა და პატივისცემა არის გზა, რომელიც გააძლიერებს სახელმწიფოს. ამდენად, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება სახელმწიფოს ღირსების საქმეა.
სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე სამეგრელომ ბევრი რამ გადაიტანა. სწორედ სამეგრელოს მაგალითზე გამოჩნდა, თუ რამხელა დარტყმის მიყენება შეუძლია ქვეყნისთვის შიდა დაპირისპირებას.  
თქვენ ყველაზე კარგად იცით მშვიდობისა და საზოგადოებრივი თანხმობის ფასი. დღეს ეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. ჩემი მთავარი მიზანიც სწორედ შერიგების მიღწევა და ქვეყნის გამთლიანებაა.

Add to Twitter Add to Facebook