მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი გზა ევროპისა და ნატოსკენ ნათელი და უცვლელია! არ არსებობს სხვა გზა - საქარ

სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი გზა ევროპისა და ნატოსკენ ნათელი და უცვლელია! არ არსებობს სხვა გზა - საქართველოს მოსახლეობა სხვა არჩევანს ვერ და არ გააკეთებს!

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა.

სალომე ზურაბიშვილმა ელჩების კონფერენციის მონაწილე, ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულების უალტერნატივობასა და შეუცვლელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ირგვლივ მხოლოდ ქვეყნის სრული ერთსულოვნება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევა გამოიტანს შედეგს!
,,მინდა ყველას მოგილოცოთ ბარბარობის დღესასწაული და გისურვოთ, რომ ეს დღე ყველასათვის წარმატებისა და ბედნიერების საწინდარი ყოფილიყოს!
მე ძალიან ბედინიერი ვარ, რომ მეძლევა საშუალება გიმასპინძლოთ, რასაც სამი ძირითადი მიზეზი აქვს:

მე ვამაყობ იმით, რომ თავის დროზე, მეც თქვენი კოლეგა ვიყავი და დიპლომატის პროფესიას ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ნაწილი დავუთმე. დღესაც მივიჩნევ, რომ ეს ჩემი პროფესიაცაა და პრეზიდენტის რანგში ჩემი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაც, ქვეყნის გარეთ მისი წარდგენა და მისი ინტრესების დაცვა და გატარება, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად!
ვამაყობ, ასევე იმით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ვიყავი იმ პერიოდში, როცა შევუდექით ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე აქტიურ ფაზას. ვამაყობ იმით, რომ ყველამ ერთად მივაღწიეთ ერთ-ერთ მთავარ შედეგს, რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანას საქართველოდან, თუმცა ეს ისევ გასაკეთებელია!
ვამაყობ იმით, რომ მაშინ დავაარსეთ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიის დღე, დავაარსეთ პირველი ამბასადორიალი და მიხარია, რომ ისინი მყარ ტრადიციად იქცა. სწორედ ეს ტრადიცია გვაძლევს დღეს ამ შეხვედრის საშუალებას.
მიხარია ისიც, რომ მაქვს დიდი პატივი, გიმასპინძლოთ დღეს გაცოცხლებულ ორბელიანების სასახლეში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია და ჩვენს ტრადიციებს ინახავს.

აქ ცხოვრობდა ერთ-ერთი უკანასკნელი არისტოკრატიული ოჯახი - ოჯახი რომელიც ჩართული იყო საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევაში; ის იქნებოდა უნივერსიტეტის დაარსება თუ სხვა კულტურული ღონისძიებები. პირველ რიგში, შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი ფრანგულად და ინგლისურად - ეს იყო ხიდი ქართულ და ევროპულ კულტურებს შორის. მათი განდევნა ამ სასახლიდან და ოჯახის უფროსის დახვრეტა ჩვენი დამოუკიდებლობის გაუქმებას მოჰყვა!

შემდეგ, ამ სასახლეში განათავსეს საბჭოთა პერიოდის  პროპაგანდისტული ორგანიზაცია, რომელიც ემიგრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ემსახურებოდა და დამოუკიდებლობის იდეის მოსპობას ცდილობდა.
ეს მცდელობა ამაო იყო, რამეთუ მესამე პერიოდი სწორედ  დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდება, - როცა აქ დაფუძნდა შეერთებული შტატების პირველი საელჩო საქართველოში და დაიწყო ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო კურსის ახალი ეტაპი.
მიხარია ისიც, რომ ორბელიანების სასახლეს დავუბრუნეთ ღირსეული პირვანდელი სახე, აღვადგინეთ იმ დროისთვის  დამახასიათებელი ფორმა და ამ ღირსეული სახით წარვდგებით უცხოელ პარტნიორებთან ოფიციალური დელეგაციების მიღებისას.
ეს სასახლე და მასში განთავსებული, ოჯახებში მოძიებული ავეჯი, ნახატები და სხვა ექსპონატები, არც ჩემი და არც რომელიმე ხელისუფლების საკუთრება არ არის, ეს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საერთო საგანძურია. აქ გუშინ დაიწყო მოსწავლეების და სტუდენტების ნაკადის მიღება, იმ თაობისა, რომელიც აქედან უფრო ამაყად უნდა გავიდეს.  მე ვიცი, რომ თქვენ, საქართველოს ელჩებო, ყველაზე კარგად გესმით, თუ რას ნიშნავს, როცა შეგიძლია შენი ქვეყნით, მისი წარსულით და მიღწევებით იამაყო.

რადგან მიღწევებზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ ვახსენო ისინი, ვინც თქვენთან ერთად ქმნიან საქართველოს სახეს საზღვარგარეთ - ჩვენი მუსიკოსები და საერთოდ, კულტურის წარმომადგენლები; (არ დავასახელებ, რადგან უხერხულ მდგომარეობაში ჩავდგები) სპორტსმენები, რომლებიც აგროვებენ მედლებს ისეთი სიხშირით, რომ ვერ ვასწრებთ მათთვის გამარჯვებების მილოცვას. კულტურა, მეცნიერება, სპორტი - ეს ბრწყინვალე სამეულია, რითაც შეგვიძლია გამოვჩნდეთ და გავეცნოთ მთელ მსოფლიოს!
არანაკლებ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ ჩვენი სამხედროების როლი, რომლებიც სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ და რომლებიც მსოფლიო უსაფრთხოების დაცვაში ჩვენს სრულფასოვან მონაწილეობას წარმოადგენენ.
​დღეს უკვე გქონდათ საშუალება, მოგესმინათ პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიში ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების, გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. ამიტომ მე არ გავიმეორებ, რამეთუ ეს საგარეო პოლიტიკა ჩვენი საერთო გამოწვევა და მიღწევაა.

შემოვიფარგლები, რამდენიმე საკითხით: არ შემიძლია, არ გავამახვილო ყურადღება იმაზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია; ესაა: გაყოფილი ქვეყანა, საოკუპაციო ხაზი, ოკუპირებული ტერიტორიები და ტყვეობაში მყოფი მოსახლეობა. ეს წარმოადგენს ჩვენს ყველაზე დიდ, ყოველდღიურ და მძიმე გამოწვევას. ვაჟა გაფრინდაშვილის ირგვლივ მხოლოდ ქვეყნის სრული ერთსულოვნება და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევა გამოიტანს შედეგს და იქნება ასეთი შედეგი!

ჩვენ ყველგან და ყოველთვის უნდა დავიცვათ ქვეყნის ინტერესები და წითელი ხაზები - არაღიარება, არშეგუება. თუმცა ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ პრინციპულობა იზოლაციას არ გულისხმობს. ჩვენ ყველა ფორმატი უნდა გამოვიყენოთ, გავაცოცხლოთ, რათა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა შეხვედრა შეხვედრისთვის, რამეთუ კონფლიქტის გადაწყვეტისთვის მხოლოდ ორადორი გზაა: ან ძალა, ან დიპლომატია. ჩვენ ძალის გამოყენებაზე უარი ვთქვით, დიპლომატია კი, პატარა ქვეყნის მთავარი ინსტრუმენტია. თქვენ ამ გზის ავანგარდში ხართ და ერთად მეტს უნდა მივაღწიოთ.
​ამავე დროს, მსოფლიო არ უნდა გვიცნობდეს მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში. მხოლოდ ამით არ უნდა გვსაზღვრავდეს. უნდა გვიცნობდნენ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულყოფილ წევრს, მაშასადამე, როგორც ქვეყანას, რომელიც ჩართულია ყველა, გლობალურ გამოწვევებთან ერთობლივ ბრძოლაში: ტერორიზმის წინააღმდეგ სამშვიდობო მისიებში, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში, თუ გარემოს დაცვაში.
ჩვენი გზა ევროპისა და ნატოსკენ ნათელი და უცვლელია! ნატოსა თუ ევროკავშირის შიდა გამოწვევები ჩვენზე ვერ იქონიებს გავლენას და არ შეგვაცვლევინებს გეზს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციაში გვიწერია ეს მიზანი, არამედ იმიტომ, რომ რეალობაში არ არსებობს სხვა გზა, ამ გზის რაიმე ალტერნატივა, თავისუფალი განვითარების სხვა პერსპექტივა. ამიტომ საქართველოს მოსახლეობა სხვა არჩევანს ვერ და არ გააკეთებს. ვწუხვარ, რომ ზოგჯერ ვრცელდება უცხოეთში ჩვენი ქვეყნის ორიენტაციებზე ,,ფეიკ ნიუსები“ იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველო ორიენტაციას იცვლის.

ვფიქრობ, რომ ელჩისა და მთლიანად, საელჩოს მოვალეობაა, იყოს სადარაჯოზე და აქტიურად ებრძოლოს დამახინჯებულ ინფორმაციას. ქვეყნის სახის, იმიჯის შეცვლა და მისი დამახინჯება ვერავინ უნდა გაბედოს!

მინდა, ასევე, თქვენი ყურადღება გავამახვილო დიასპორის საკითხზე. გუშინაც შევეხე ამ თემას.
ერთი მხრივ, დიასპორა ჩვენი დიდი ტკივილია; ემიგრაციის ნაკადი ცლის ქვეყანას და რეგიონებს თავისი ახალგაზრდობისგან და აქტიური მოსახლეობისგან, ამით ასუსტებს სახელმწიფოს, მის ეკონომიკას.

ამავე დროს, დიასპორა იმედიცაა: უცხოეთში ვიძენთ ახალ ძალებს, ყველა ქვეყანაში, ყველა დარგში წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც ხვალ უფრო ეფექტიანად ჩაერთვებიან ქვეყნის პოპულარიზაციაში იქ და მის მშენებლობაში - აქ. ეს კი თქვენზეა დამოკიდებული. ემიგრანტები ჯერ კიდევ არ უყურებენ, არ აღიქვამენ საელჩოსა და საკონსულოებს, როგორც საკუთარ სახლს. ეკლესიის გარშემო უფრო იკრიბებიან, ვიდრე საელჩოსა და მისი აქტივობების ირგვლივ. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაძლიერდეს კავშირები თქვენსა და მათ შორის, ისევე როგორც, მათსა და ქვეყანას შორის. მოქალაქეობის აღდგენის შესახებ ცნობები ისე არ ვრცელდება, როგორც საჭიროა. საარჩევნო სიებში რეგისტრაცია ჯერ კიდევ ძალიან არასრულყოფილია. დიასპორის არჩევნებში მონაწილეობა უნდა გაძლიერდეს. ხმის მიცემა და საკუთარი წარმომადგენლის არჩევა არის როგორც მათი, ასევე ჩვენი უფლებაა.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა შევეხო ურთულეს საკითხს. ვხედავთ, პოლარიზაცია როგორ ხლეჩს საზოგადოებას და რაოდენ ასუსტებს სახელმწიფოს.

ვცდილობ, არ შევიდე ამ დაპირისპირებაში, რამეთუ პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორედ უნდა დარჩეს ამ პოლიტიკური, „ტოტალური ომის“ გარეთ, რათა ეს ინსტიტუტი და მასთან ერთად სახელმწიფო არ გახდეს სამიზნე.
სამწუხაროდ, ეს პოლარიზაცია საელჩოებზე და ჩვენს ემიგრაციაზეც გავრცელდა და ამით ერთად ვაყენებთ ზიანს სახელმწიფოს.
როგორც მინიმუმი, ის საკითხები, რომლებიც ყველასთვის პრიორიტეტს წარმოადგენს - ქვეყნის ერთიანობა, ევროატლანტიკური მისწრაფება, კულტურისა და ქვეყნის პოპულარიზაცია, ასე ვთქვათ, დაცულ ტერიტორიად უნდა გამოვაცხადოთ და ამ მიმართულებებით მაინც ვიმუშაოთ ერთად.
მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ამ საარჩევნო წელს, შიდა ვნებათაღელვის მიუხედავად, საელჩოები შეძლებენ, შეინარჩუნონ ჩვენს ემიგრაციაში სიმშვიდე და ერთიანობა, რათა ქვეყნის გარეთ ერთად ვიმუშაოთ მთავარი მიზნების მისაღწევად. ამის იმედი მაქვს, ასევე თქვენი დიდი იმედი მაქვს! მიგულეთ თქვენს მთავარ მხარდამჭერად! გისურვებთ დიდ წარმატებებს!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის უმაღლესი დიპლომატიური რანგის სიგელები გადასცა საზღვარგარეთ აკრედიტებულ 13 ქართველ დიპლომატს.
​საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ და უცხოელ დიპლომატებს ორბელიანების სასახლე დაათვალიერებინა.

Add to Twitter Add to Facebook