მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირსა და ნატოს მიმართულებით გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი პარტნიო

სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირსა და ნატოს მიმართულებით გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორია

საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტებმა სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარებული შეხვედრები შეაფასეს და განხილულ საკითხებზე ისაუბრეს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.

,,აუცილებელია, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო, საქართველო არ იყოს მივიწყებული. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბულია ვითარება, შეიძლება ნებისმიერ დროს უფრო სერიოზულ სიტუაციაში გადაიზარდოს, ამიტომ აუცილებელია, ერთი მხრივ, დეესკალაცია და მეორე მხრივ, გამოსავლის მოძებნა. ერთ-ერთი მიმართულება მოლაპარაკებების გაძლიერებაა იმ ფორმატებში, რომელიც არსებობს და ასევე, სხვა ფორმატებში, სადაც შეიძლება სხვა კონფლიქტების განხილვაც. ამასთან, ერთ-ერთი მიმართულება, როგორც პირველი დეესკალაციის ერთ-ერთი ზომა, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის არეალის გაზრდაა. ევროკავშირსა და ნატოს მიმართულებით გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორია. დიდი იმედები გვაქვს, რომ გერმანია ჩვენს გვერდით იქნება ევროკავშირის ყველა შესაძლო პოლიტიკასა და პროგრამაში სექტორული ინტეგრაციის პროცესში, სანამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პრეზიდენტის განცხადებით, გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილა რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კულტურული თანამშრომლობის კუთხით. ამ მიმართულებით კულტურის დარგში მომზადებულ მემორანდუმზე ხელმოწერა კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო - გერმანიის ურთიერთობებს. ისტორიულად, გერმანია ყოველთვის დაინტერესებული იყო ქართული კულტურით.

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენაც ევროპულ სივრცეში საქართველოს კულტურის შესვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. აღინიშნა, რომ ქვეყნების შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია. ბატონი პრეზიდენტი დღეს ესტუმრება კახეთს და ჩვენ პირველად გვექნება ოფიციალური ვახშამი არა თბილისში, არამედ კახეთში. ეს ტრადიციად უნდა იქცეს, რადგან ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს და მსოფლიოს, რომ საქართველოს განვითარება მხოლოდ თბილისზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია რეგიონებზე და მათ სიმძლავრეზე. შეხვედრისას განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი, - თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს პარტნიორებს. ჩვენც გვაწუხებს ის ფაქტი, რომ ეს ტალღა ვერ შენელდა, თუმცა მიღებულია კონკრეტული ზომები და იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა ფრონტექსთან, თუ ინდივიდუალურ ქვეყნებთან იმ მეორე ასპექტში გადავა, რომელსაც ცირკულარული მიგრაცია ჰქვია, რაც ხელს უწყობს პროფესიულ კვალიფიკაციას და ეს არის ერთ-ერთი ცივილიზებული გზა, რათა შევცვალოთ ის მიგრაციული ტალღა აქტიურ და დროებით ტალღად, რომელიც თავისი გამოცდილებით დაუბრუნდება ქვეყანას და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი სერიოზული საფუძველი იქნება. დაბოლოს, არ შემიძლია არ ვახსენო ბათუმში ჩატარებული ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში.

როგორც ნატოში თანამშრომლობის, ასევე გერმანიასთან ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ასპექტი საქართველოს სამხედრო განვითარების მხარდაჭერაა, რისთვისაც ჩვენ უაღრესად მადლობელნი ვართ. ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. აღსანიშნავია, ასევე ჩვენი თანამშრომლობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში - ეს არის ის, რაც არ გვავიწყდება არც ჩვენ და არც გერმანელებს“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ერთ -ერთი აქტიური მხარდამჭერია.

,,საქართველოს არ აქვს ხელსაყრელი სამეზობლო, არ აქვს მარტივი გეოგრაფიული მდებარეობა. მე ხვალ მივემგზავრები ადმინისტრაციულ საზღვართან, მივუახლოვდები ცხინვალის რეგიონს, ე.წ. სადემარკაციო ხაზს. ახსენეთ ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი. დამოუკიდებლობის გზა - ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული ღირებულებების სახელმწიფო. გერმანია არა მხოლოდ თვალს ადევნებდა ამას, არამედ იყო აქტიური მხარდამჭერი და საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი ამ გზაზე“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

Add to Twitter Add to Facebook