მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები თანამედროვე ქართული პოლიციის ჩამოყალიბების რეფორმირების პროცესს

სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები თანამედროვე ქართული პოლიციის ჩამოყალიბების რეფორმირების პროცესს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო და პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი მიესალმება სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, რომლის მიზანიც სრულიად თანამედროვე ქართული პოლიციის ჩამოყალიბებაა.
,,პოლიცია დემოკრატიულ ქვეყანაში არის მთავარი ინსტიტუტი, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მშვიდობას. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, ევროპულ, თავისუფალ სახელმწიფოს და თქვენ ხართ ამ პროცესის მთავარი და აუცილებელი საყრდენი. სახელმწიფოს მშენებლობისა და მისი გამყარების პროცესი მუდმივად შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ, და ამ საფრთხის თავიდან აცილება გადის თქვენს პროფესიონალიზმზე, სიმტკიცეზე. თქვენ უნდა იყოთ სრულიად ლოიალური სახელმწიფოს მიმართ, რაც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმსა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს.
ამით თქვენ მოიპოვეთ და მოიპოვებთ საზოგადოების ნდობას, რომლის გარეშეც პოლიცია ეფექტური ვერ იქნება. დღეს საქართველოს პოლიცია, როგორც თვით სახელმწიფო, ევროპულ სტანდარტებს ითვისებს და ეს არის თქვენი დამსახურება. საქართველო დღეს „ევროპოლის“ წევრია. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება მაგალითია იმ გზაზე, რომელიც საბოლოოდ დაგვაბრუნებს ევროპაში.
​მივესალმები რეფორმირების პროცესს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს და რომლის მიზანია სრულიად თანამედროვე ქართული პოლიციის ჩამოყალიბება - პოლიციისა, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაფუძნებული იქნება მაღალ სტანდარტებზე. მე და მთელი საზოგადოება მადლობას გიძღვნით პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში. თქვენ თუ გევალებათ შეურიგებელი ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების მტკიცედ დაცვა, სამაგიეროდ, ჩვენ - ყველას, თითოეულ მოქალაქეს გვევალება თქვენ მიმართ პატივისცემა. საზოგადოებრივი მშვიდობა და ერთიანობა ამ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. მჯერა, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევითა და სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის დახმარებით წარმატებით გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Add to Twitter Add to Facebook