მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   სალომე ზურაბიშვილი - ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია - არა შეგუებას!

სალომე ზურაბიშვილი - ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია - არა შეგუებას!

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვა 
 

დღეს 11 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.
2008 წლის ომი ქართული საზოგადოებისთვის ღია ჭრილობად რჩება. ღია ჭრილობაა იმ მშობლებისთვის, რომლებმაც ამ ომში შვილები დაკარგეს და შვილებისთვის, რომლებიც ამ ომის შედეგად მამების გარეშე იზრდებიან.

როგორც მთავარსარდალი, როგორც დედა და ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე.

ომი ღია ჭრილობაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა სახლი, მიწა, წინაპრების საფლავი, სალოცავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. ამ ტკივილის და ყოველდღიური შეურაცხყოფის მიუხედავად ისინი გმირულად აგრძელებენ გამყოფ ხაზთან ცხოვრებას. ჩვენი და ჩემი, მოვალეობაა მათ გვერდში დგომა, და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი მარტივია - არა შეგუებას! 
ჩვენ არ ვეგუებით და არ შევეგუებით არც გალსა და ახალგორში ქართველების უფლებების  შელახვას, არც ჩვენი ოსი და აფხაზი მოქალაქეების შევიწროებას და არც მათი ენის და იდენტობის გათელვას.

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხია ასევე - პოლიტიკური და ეკონომიკური მდგრადობა, განვითარების გზის გაგრძელება. ომმა და ოკუპაციამ გეზი რომ არ და ვერ შეგვაცვლევინა...ამაშია ჩვენი უდიდესი ძალა!

არ შეგუება ნიშნავს იმედის და მიზნის არ დაკარგვას.

როგორც 2005 წელს შევძელით რუსული სამხედრო ბაზების მშვიდობიანად გაყვანა საქართველოდან, მჯერა რომ შევძლებთ ოკუპაციის დასრულებას და ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. გერმანიის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მუდმივი არაფერია, უიმედობაზე გამარჯვება ყოველთვის შესაძლებელია.

უნდა შევძლოთ ჩვენი პარტნიორების მობილიზება, რათა კონფლიქტების გადაწყვეტა გახდეს როგორც ჩვენი, ისე მათი პრიორიტეტი. ამ ამბიციას უახლოეს მომავალში მე გავაჟღერებ გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან.

ქართველებს უიმედობა არ გვახასიათებს, ამიტომ ისიც უნდა გვჯეროდეს, რომ მოვა დრო და რუსეთიც დარწმუნდება, რომ ომი, ოკუპაცია, სახელმწიფო საზღვრების უგულებელყოფა წარსულს უნდა ჩაბარდეს. დღევანდელ მსოფლიოში, სადაც გლობალური საფრთხეები და გამოწვევები ყველას გვემუქრება, სტაბილურობა აუცილებელია! არა მხოლოდ ჩვენთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის, თუკი მას განვითარება და საკუთარი ხალხის კეთილდღეობა სურს და აღელვებს.

მე მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა : არ დავუშვა ის რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას შეუქმნის საფრთხეს, მაქსიმალურად ავიცილოთ პროვოკაციები. ამავდროულად აუცილებელია ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, რათა ომის ტრაგედია არასოდეს გამეორდეს, დაცული მოქალაქე წინ იყურებოდეს და დაცული ტერიტორია სტაბილური განვითარების საფუძველს გვაძლევდეს. ჩვენი გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არც არავის ემუქრება. პირიქით ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა მტკიცე და შეუქცევადია.

არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის ყველაზე ძლიერი იარაღია ჩვენი ერთიანობა. ამიტომ მე ვარ და ვიქნები მთავარი მებრძოლი საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევაში.

ქართულ საზოგადოებაში თანხმობის გარეშე შეუძლებელია ომით ტრავმირებული და გაყოფილი აფხაზური და ოსური საზოგადოებების შემორიგება. ეს კი ერთადერთი გზაა საბოლოოდ ქვეყნის გამთლიანების.

ჩვენ ყველამ უნდა დავძლიოთ ომის კვალი ცნობიერებაში. წარსულის გაკვეთილები გაძლიერების საფუძვლად ვაქციოთ. ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე.

ყველა ღირსეული ქვეყანა და საზოგადოება ომის საკითხის ირგვლივ ერთიანდება. ომის საკითხი უნდა იყოს არა საზოგადოების კიდევ ერთი პოლარიზაციის და დაყოფის საფუძველი, არამედ მისი შემკვრელი.

ამისათვის აუცილებელია, გადავლახოთ სიძულვილი, ავამაღლოთ კულტურის დონე და სახელმწიფოებრივი ცნობიერება.

მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობა არის წინაპირობა სახელმწიფოს მომავალზე სწორებისა და მისი საბოლოო გამთლიანების

Add to Twitter Add to Facebook