მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   სალომე ზურაბიშვილი - პროფესიული განათლების განვითარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმების პრობლე

სალომე ზურაბიშვილი - პროფესიული განათლების განვითარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დასაქმების პრობლემის მოგვარებას

საქართველოს პრეზიდენტი კახეთს ეწვია, კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ და კინოხელოვნების ბანაკი მოინახულა.
 

პრეზიდენტმა დაათვალიერა კოლეჯის თეორიული და პრაქტიკული სწავლების კორპუსები და სტუდენტთა პანსიონი, რომლითაც ამჟამად კინოხელოვნების ბანაკის ბავშვები სარგებლობენ. კოლეჯის წარმომადგენლების განცხადებით, „აისი“ წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც სხვადასხვა პროფესიები ისწავლება, მათ შორის მეღვინეობა, მევენახეობა, ვეტერინარია, დურგლობა, მზარეულობა და სხვა.

,,მნიშვნელოვანია, რომ ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები მზად არიან შესაბამისი პროფესიით დასასაქმებლად. ეს არის ის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისათვის, რომ დავამარცხოთ ახალგაზრდების დასაქმების რთული პრობლემა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კოლეჯს გააჩნია დამხმარე ნაგებობები: ხელოვნების სასახლე, ღვინის სახლი, მარანი, საარყე, თონე, მეცხოველეობის ფერმა, ფუტკრის სახლი, ჩირის სახლი და სხვადასხვა სახელოსნოები. სალომე ზურაბიშვილი კოლეჯის საკონსერვო საწარმოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და თავად დააგემოვნა სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქცია: მურაბები მწნილები, კომპოტები, წვენები და საწებელი. სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთიდან, საინგილოდან, სვანეთიდან, სამეგრელოდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან ჩამოსულ ბავშვებს გაესაუბრა, რომლებიც კინოხელოვნების ბანაკში ისვენებენ.

Add to Twitter Add to Facebook