მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   სალომე ზურაბიშვილი- ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა საქართველოში მკურნალობა შ

სალომე ზურაბიშვილი- ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა საქართველოში მკურნალობა შეძლონ

სალომე ზურაბიშვილი, ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  თელავივში სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებას  SHEBA MEDICAL CENTER  ეწვია და ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების ცენტრი დაათვალიერა.
 
სამედიცინო დაწესებულება SHEBA, რომელიც გასულ წელს მსოფლიოს 10 საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებას შორის დასახელდა, სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მართული დაწესებულებისგან: ზოგადი სამედიცინო კლინიკის, საბავშვო საავადმყოფოს „საფრა“ და სარეაბილიტაციო კლინიკისაგან შედგება. საქართველოს პრეზიდენტი, საბავშვო საავადმყოფოს ბაზაზე, მოქმედ ბავშვთა ონკოლოგიური დაავადების ცენტრის მუშაობას გაეცნო.
 
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ტრაგედია არის, ის რომ ბავშვთა ონკოლოგია სათანადო დონეზე არ არის. "სიმსივნით დაავადებული ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ გამგზავრება უწევთ;  ზოგიერთი ისრაელშიც ჩამოდის სამკურნალოდ.  ოჯახისთვის უდიდესი წნეხია საზღვარგარეთ გამგზავრება ავადმყოფი ბავშვით. ჩემი საპრეზიდენტო საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ამ პრობლემის მოგვარებისკენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე მკურნალობის მიმართულებით. 
 
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა საქართველოში მკურნალობა შეძლონ და მათ არ მოუწიოთ სხვა ქვეყნებში გამგზავრება. როცა მოვდიოდი, გზად ვუყურებდი ამ  უზარმაზარ საავადმყოფოს, ეს მართლაც შთამბეჭდავია და თქვენი დიდი მიღწევაა. ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს ამ სფეროში საქართველოც შეგეჯიბრებათ. დღეს ჩვენთვის ეს უდიდესი პრიორიტეტია, და ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ. 
 
შთაგონებული ვარ თქვენი საქმიანობით. შემდეგ ეტაპზე შესაძლოა, თქვენი დახმარება დაგვჭირდეს ტრენინგების, ან სხვა საჭიროებების მხრივ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს თქვენი დახმარების იმედი. ყველას მადლობას გიხდით და ვიმედოვნებ, რომ საქართველოშიც შეგხვდებით და შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრის საკითხებზე საუბარს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
Add to Twitter Add to Facebook