მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები

საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები

საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში, ელისეს სასახლეში შეხვედრის შემდეგ, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს გულთბილი მიღებისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარიზში მისი პირველი ვიზიტი, ერთგვარად სახლში დაბრუნების ემოციითაა სავსე.

"ჩემთვის ეს დღე ძალიან სიმბოლური დღეა. ეს ჩემი პირველი ორმხრივი ვიზიტია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ბრიუსელის შემდეგ, რაც ნიშანდობლივია, რომ ევროპის ინსტიტუტების შემდეგ, საფრანგეთში იწყება ჩემი შეხვედრები და ვიზიტები.
 

მე აქ უცხოელი არ ვარ, აქ ვარ დაბადებული, გაზრდილი და ნაზიარები ვარ ფრანგულ კულტურას; ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი აქაური მეგობრებისთვისაც, რომლებიც დღეს ასეთი სითბოთი და ასე პოზიტიურად მიღებენ მე და იღებენ საქართველოს. მნიშვნელოვანია, რომ მე გავხდი ის, რაზედაც ვოცნებობდი - ხიდი საქართველოს და ევროპას შორის, ხიდი საქართველოსა და საფრანგეთს შორის.

საფრანგეთი არ არის საქართველოსთვის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა. საფრანგეთი სიმბოლოა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენობის.
 

თავისუფლების, რადგან საფრანგეთის მთავრობამ, როგორც თავად ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მიიღო საქართველოს მთავრობა, როცა საქართველო დაიპყრო რუსეთმა და დიდხანს, ვიდრე ნებისმიერი, სხვა ევროპული ქვეყანა, 1934 წლამდე აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას...
 

საფრანგეთი ყოველთვის იყო ის ქვეყანა, რომელიც ბოლომდე იცავდა ქართულ ემიგრაციას და მას აძლევდა ყველა საშუალებას იმისათვის, რომ თავი ეგრძნო როგორც საკუთარ ქვეყანაში და მე ამის მაგალითი ვარ. მე შევძელი ის, რომ დიპლომატიური კარიერა ბოლომდე მიმეყვანა, ელჩის სტატუსამდე ისე, რომ არავის არასდროს ჰქონია რაიმე პრეტენზია იმის მიმართ, რომ მე ვიყავი ფრანგიც და ქართველიც.

საფრანგეთი სუვერენობის სიმბოლოა, რადგან ის იყო ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა თავისი სოლიდარობა, მხარი დაუჭირა საქართველოს და ჩაერთო კონფლიქტის შეწყვეტაში. რომ არა საფრანგეთისა და პრეზიდენტ სარკოზის დახმარება, ჩვენ შეიძლება სხვა მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა პირადად გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს იმისათვის, რომ ჩემს ინაუგურაციაზე სწორედ, პრეზიდენტი სარკოზი გამოუშვა, როგორც მთავრობის წარმომადგენელი. სხვათა შორის, საქართველოს მოსახლეობამ მიიღო ის ტაშით და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ საქართველო მადლიერია იმისა, რაც 2008 წელს გაკეთდა.
 

სწორედ ასეთი წარსულის გამო კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები. ამ მხრივ, ჩემი არჩევაც ერთგვარი სიმბოლოა. დარწმუნებული ვარ, რომ როცა  საქართველოს მოსახლეობამ ამირჩია, აირჩია ერთდროულად ევროპელი პრეზიდენტი და აირჩია, იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროპას შორის მაქსიმალურად დამაახლოებლის როლი შემესრულებინა, სანამ საქართველო ევროპისა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა.
 

ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს საქართველოსთვის ყველაზე გადამწყვეტია. ვისაუბრეთ უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე. ამ მხრივ, საფრანგეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ეხმარება საქართველოს საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებაში; ჩვენ საფრანგეთისგან ვყიდულობთ ამ საჭირო აღჭურვილობას და პირობაც მივიღეთ, რომ ეს გაგრძელდება და კიდევ გაძლიერდება.

ყველაფერში, რაშიც ჩვენ ვიგრძნობ საჭიროებას, საფრანგეთი მზად არის იყოს ჩვენს გვერდით.
 

კარგად ვიცით, რომ ჩვენ ვართ სტაბილურობის კუნძული რეგიონში, რომელიც საკმაოდ დაძაბულია ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და ამ მხრივ, საფრანგეთის მზადყოფნა მხარდაჭერისათვის, რომ იდგეს ჩვენს გვერდით - საქართველოში, როგორც შავ ზღვაში...
 

საფრანგეთი მზადაა იყოს ჩვენ გვერდით და ჩაერთოს იმ ახალ პროექტებში, რომლებიც დღეს ისახება ამ კუთხით და, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენც ვიგრძნოთ უფრო მეტი სიახლოვე ევროკავშირთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომლებიც არიან შავი ზღვის მეორე მხარეს - რუმინეთი, თუ ბულგარეთი - და ევროპელებმაც იგრძნონ, რომ საქართველო ბევრად ახლოსაა ევროპასთან საზღვაო საზღვარზეც და ძალიან მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ, რომ ვართ ერთი ოჯახის ნაწილი.

მინდა ხაზი გავუსვა დიმიტრი ამილახვრის სახელობის დეკლარაციას, რომელსაც ხელი მოწერა დღეს. ესეც ძალიან სიმბოლურია. დიმიტრი ამილახვარს, რომლის პატივისცემაშიც გავიზარდე, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ქართულ ემიგრაციაში, სადაც ყველას ახსოვს ლექსი, რომელიც მთავრდება იმითი რომ დიმიტრი ამილახვარი ორი ტყვიით მოკვდა, ერთი საქართველოსთვის და ერთი საფრანგეთისთვის. ის, რომ მისი სახელობისაა საფრანგეთსა და საქართველოს შორის დადებული ახალი შეთანხმება ძალიან ნიშანდობლივია. ეს იქნება საშუალება ჩვენთვის, რომ ამ დეკლარაციის ფარგლებში განვავითაროთ თანამშრომლობა ეკონომიკის, კულტურის, უსაფრთხოების, განათლების სფეროებში.

შეხვედრისას კიბერუსაფრთხოების თემა განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. მინდა, ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ბატონ პრეზიდენტს, იმისათვის, რომ პრაქტიკულად ყველა შეთავაზებებზე, ყველა მიმართულებებზე, რაზეც ვისაუბრეთ, იყო ძალიან პოზიტიური პასუხები, თუნდაც იმ საკითხზე, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია - ეს არის კულტურის მიმართულება.
 

საქართველო უნდა შევიდეს ევროპაში, როგორც კულტურული ევროპის ნაწილი და წევრი. ვისაუბრეთ ასევე კინოზე, რომ ჩვენ ვიყოთ მართლაც ერთერთი წევრი ამ კულტურული ერთობის. ვისაუბრეთ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, არაღიარების პოლიტიკაზე. საფრანგეთი მზადაა ძალიან აქტიურად, თავის პარტნიორებთან მხარი დაგვიჭიროს ამ მიმართულებით.
 

ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და მნიშვნელოვანია მისი მზადყოფნა ყველანაირად დადგეს საქართველოს გვერდით, განსაკუთრებით ისეთ ძალიან მტკივნეულ საკითხში, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები ჰქვია. ვისაუბრეთ სამხედრო თანამშრომლობაზეც და ეკონომიკაზეც.

მინდა, ჩემი გამოსვლა დავამთავრო შეთავაზებით, რომ ბატონი პრეზიდენტი ეწვიოს საქართველოს. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება 2019 წელს და როცა ბატონი პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში თავის მეუღლესთან ერთად, ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს, გავაცნობთ მის კულტურას.

მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ჩამოვა ეკონომიკური დელეგაციით, რომელსაც კიდევ უფრო ვრცლად გავაცნობთ საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ და ღრმად განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობა.

მე მაქვს ასეთი ამბიცია, რომ საფრანგეთი, ევროპის ქვეყნებს შორის, არა მხოლოდ საქართველოს უახლოესი მეგობარი, არამედ საქართველოს უდიდესი ეკონომიკური პარტნიორიც გახდეს.

ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ, ბატონო პრეზიდენტო ასეთი მიღებისთვის, რომელიც ჩემთვის ერთგვარად, მართლაც, სახლში დაბრუნებაა“, - განაცხადა საფრანგეთში პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ პირველ ვიზიტად საფრანგეთი შეარჩია.
 

"იცოდეთ, საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს. საფრანგეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობის სასარგებლოდ ჩართულობის პოლიტიკა მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ ინიციატივის წარმატებას.

ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია კავკასიის რეგიონში, შავ ზღვაში, რეგიონალური გამოწვევები. ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მიმიწვია და მოხარული ვიქნები გეწვიოთ. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ აქ საფრანგეთში მხოლოდ მეგობრები გყავთ“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

Add to Twitter Add to Facebook