მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ალბანეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბუიარ ნიშანს ბაქოში შეხვდა.
 
შეხვედრისას საქართველოსა და ალბანეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ალბანეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
 
შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება განიხილეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაუარესდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.
 
შეხვედრისას აღინიშნა, რომ ალბანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
 
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საინტერესო იქნება ალბანელი ბიზნესმენებისათვის საქართველოს პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა.
 
მხარეებმა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
 
Add to Twitter Add to Facebook