მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს დედა ენის დღეს ულოცავს

1978 წლის 14 აპრილი ჩვენ უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია.
როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ ეროვნული ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანი წინ აღუდგა ამ განზრახვას. მათ უდიდეს ნაწილს ახალგაზრდობა შეადგენდა.
იმ სულისკვეთებისა და მუხტის დასახასიათებლად, რაც მაშინ მთლიანად საქართველოში ტრიალებდა, საკმარისია ვთქვათ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ავტორიტარული ხელისუფლება იძულებული გახდა ხალხისათვის დაეთმო.
საბჭოეთის ისტორიაში პირველმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ მთლიანად ბოლშევიკური იმპერიისთვის იქცა გარდამტეხ მოვლენად. სწორედ ამ დღემ მისცა პირველი ბიძგი ოთხმოციან წლებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც.  
ქართული ენის დაცვა ხომ ამავდროულად იმ სახელმწიფოს აღდგენისკენ სწრაფვა იყო, რომლის ხსოვნასა და იდეასაც თითოეული ქართველი გულით ატარებდა, რომლის თავისუფალ მოქალაქეებსაც დღეს ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ.
და თუმცა ჩვენ მშობლიურ ენას მსგავსი საფრთხე აღარასდროს დაემუქრება, პასუხისმგებლობა მის წინაშე განუწყვეტლივ გვაკისრია - რათა აღვუდგინოთ მისი განსაკუთრებული ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ხელი შევუწყოთ ქართულის შესწავლაში და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი.
Add to Twitter Add to Facebook