მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება საქართველოს პარლამენტში

მოგესალმებით, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,
პატივცემულო მინისტრებო, დეპუტატებო.
მივესალმები აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელებს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, ქალაქ თბილისის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს,
მივესალმები დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,
მივესალმები ჩვენს საზოგადოებას!

მეორედ მაქვს დიდი პატივი, მივმართო საქართველოს პარლამენტს და საზოგადოების თითოეულ წევრს.  როცა ამ მიმართვის მთავარ გზავნილზე ვფიქრობდი, ვარჩიე, არ მელაპარაკა ჩემ მიერ გამოცხადებულ, ყველასთვის უკვე ცნობილ  პრიორიტეტებზე და ჩემს მუდმივ საზრუნავზე: კულტურაზე, რეგიონებზე, დიასპორაზე, ბავშვთა ონკოლოგიაზე...  ვარჩიე, მელაპარაკა დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევაზე, მის  მომავალზე.
თითქმის 30 წელი გავიდა, რაც საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას დამოუკიდებელ ქვეყნად დაუბრუნდა.
30 წლის შემდეგ, ზოგჯერ გვიჭირს დავინახოთ, თუ სად ვართ; შევაფასოთ  ჩვენი რეალური შესაძლებლობები  და ჩვენ წინ გაშლილი ახალი პერსპექტივები.
იმისათვის, რომ უკეთ გავიაზროთ, სად ვართ და საით მივდივართ, პირველ რიგში, უნდა დავინახოთ მსოფლიო და ჩვენი ადგილი ამ მსოფლიოში.

მსოფლიო, რომელსაც საქართველო 30 წლის წინ კვლავ დაუბრუნდა დამოუკიდებელ ქვეყნად, დღეს სრულიად სხვა მახასიათებლების მატარებელია.
საქართველომ, რომელმაც 70 წელი ჩაკეტილ საბჭოთა საზღვრებში, დანარჩენი მსოფლიოსგან მოკვეთილმა, სრულ იზოლაციაში გაატარა, ამ ოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოსთან დაბრუნების ახალი გზა გაიარა.
დღეს ჩვენმა მოქალაქეებმა, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა კუთხეში დაიმკვიდრეს თავი; საზღვრები ღიაა ჩვენთვის, ჩვენი საზღვრები კი - სხვისთვის, და, რაც მთავარია, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად, ხოლო ჩვენთან მიმდინარე მოვლენები - მსოფლიოსგან დამოუკიდებლად ვეღარ მოიაზრება.

დღევანდელი გამოწვევები მხოლოდ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე აღარ  ვლინდება და არც ერთი ქვეყნის საზღვრებით შემოიფარგლება. დღეს ყველა დიდი გამოწვევა გლობალურ მასშტაბს იძენს და არავინ იცის, სად ამოფეთქავს და სანამდე გავრცელდება. ამის უახლესი მაგალითია ახალი ვირუსული დაავადება, რომელიც ჯანდაცვის ფარგლებს სცილდება და უკვე ფინანსური და ეკონომიკური შედეგებით იზომება.
უმუშევრობის, განსხვავებული აზრისა და რწმენის შიში პირდაპირ კვებავს პოპულიზმს, რომელიც ხან საზღვრების ხელახლა გამკაცრებას ქადაგებს, ხან - კედლების აღმართვას.
ჩვენ თვალწინ ახალი საერთაშორისო ურთიერთობები ყალიბდება ამერიკას, ევროკავშირსა თუ რუსეთს შორის, ახლო აღმოსავლეთსა თუ შორეულ აზიაში. გუშინდელი მტრები დღეს მოლაპარაკებებს იწყებენ, ან - პირიქით. ამ ახალი ურთიერთობების განმსაზღვრელი არის სრული პრაგმატიზმი - ანუ საკუთარი ქვეყნის ინტერესები, რასაც არც ერთი იდეოლოგია აღარ ნიღბავს.

მსოფლიოს მძლავრი ცვლილებები ჩვენზეც ისახება.
დღევანდელი ევროკავშირი, ბრექსითისა და გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, როგორიც, თუნდაც, სულ რამდენიმე წლის წინ იყო - როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას. 
ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან; რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს; არ შეაჩეროს ძრავა, რომელმაც, გაფართოების პოლიტიკის სახით, ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა თვით ევროპას და მის ახალ წევრებს.
ჩვენი რეგიონის ირგვლივ არ ცხრება კრიზისები, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს. 

ამავე დროს, საქართველოს წინაშეა საკუთარი, უმძიმესი გამოწვევები: ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები; რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ჩვენს დამოუკიდებლობასთან კვლავინდებურად შეუგუებელია და მეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს უშლის.
ბოლო პერიოდში გაჩნდა ჩვენთვის ახალი და მძიმე გამოწვევა - მიგრაციის უწყვეტი ტალღა, რომელიც ისედაც რთულ დემოგრაფიულ მდგომარეობას უფრო ამძიმებს.

გლობალური და საკუთარი გამოწვევების ფონზე ისმის კითხვა: სად ვართ ამ დროს ჩვენ?
იმის მაგივრად, რომ ერთად, ყველა ჩვენი ძალითა და რესურსით ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალსა და ამოცანების დაძლევაზე, გაბედულად ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივასა თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ.
ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა - ყველაფერი, რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის; ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის გამოსავლის პოვნასა და წინსვლაში.
აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ: აგრესია - შემწყნარებლობის ნაცვლად; სიძულვილი - სიყვარულის ნაცვლად; შეურაცხყოფა - ზრდილობის ნაცვლად; ეგოიზმი და კარჩაკეტილობა - სოლიდარობის ნაცვლად; შიში - ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად. ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება  ერთგვარ დეპრესიაშია. ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ.
ეს, ძირითადად, იმიტომ გვემართება, რომ ჩაძირული ვართ საკუთარ თავში, პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში. სიძულვილს, შეურაცხყოფასა და აგრესიას მიაქვს ჩვენი ენერგია.

რა ვიღონოთ?
პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება საკუთარი თავის დანახვა და შესაძლებლობების რეალურად შეფასება.
უმადურობასა და თვითგვემაში ჩაკარგულები ვერ ვაფასებთ, თუ რამდენ წარმატებას მიაღწია საქართველომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან არ გასულა 30 წელი და უკვე ვდგავართ ევროპის კართან, როგორც მოწინავე ასოცირებული წევრი. 
როცა რეფერენდუმის შედეგებსა და სამფეროვანი დროშის აღმართვას ვზეიმობდით, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით, რომ, ისტორიისთვის ამ მოკლე პერიოდში, საქართველო ევროკავშირთან თავისუფალ მიმოსვლასა და თავისუფალ ვაჭრობას მიაღწევდა და გახდებოდა ნატოსათვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და დაფასებული პარტნიორი.
ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდებოდა ისეთი მასშტაბის ნატოს წვრთნები, როგორიც უკვე ყოველწლიურად იმართება, და ისეთი მნიშვნელობისა, როგორიც წელს იგეგმება.
ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებდა არა მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, არამედ ამ მისიებში სამხედრო პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის მაღალი დონით გამორჩეული გახდებოდა. 
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამოცხადებული დიდი ნდობის დასტურია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი.
30 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველო გახდებოდა ღირსეული წევრი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელიც დღეს რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება. ზოგჯერ თუ გვაკრიტიკებენ, ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პარტნიორადაა მიჩნეული, რომლისგანაც, ბუნებრივია, მოლოდინიც მეტია.
ამ ყველაფერთან ერთად, გავიარეთ ყველა საფეხური დემოკრატიის მშენებლობისა. გამოვირჩევით შეუზღუდავი სიტყვის თავისუფლებით, პოლიტიკური და ადამიანის უფლებათა დაცვით,  თუმცა, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. დემოკრატიის ერთ-ერთი დამახასიათებელი სწორედ ისაა,  რომ რეფორმების ბოლო ტალღა ყველაზე რთულია, და რომ არც ერთი მიღწევა საბოლოოდ არაა გარანტირებული. ამიტომ სჭირდება დემოკრატიას გაფრთხილება და ერთიანობა. დღეს მისი მთავარი მტერი, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, პოლარიზაციაა, - პოლარიზაცია, რომელიც კრიტიკას უხეში დაპირისპირებით ანაცვლებს. ამის გამო დღეს აქ ოპოზიციის ცალკეული რიგები ცარიელია, - ნაცვლად იმისა, რომ ახლახან შემოღებული საპარლამენტო სისტემის უპირატესობა გამოვიყენოთ და ეს ადგილი მნიშვნელოვანი დებატების ადგილად ვაქციოთ.

აქვე მინდა შევეხო  სასამართლო რეფორმის პროცესს. ამ რეფორმამ ბოლო წლებში ოთხი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა.  ზოგი სამართლიანი და ზოგიც - პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, პროგრესი უდავოა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში მკვეთრად შემცირებულია საქართველოდან მიმართვიანობა, რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის   ერთ-ერთ - თუ არა ერთადერთ - ობიექტურ კრიტერიუმს. ასევე უდავოა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა  ჯერ ვერ შეედრება ევროპის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ  და დახვეწილ სასამართლო სისტემას. ეს, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, საიდან მოვდივართ. ამიტომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამ კუთხით  იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის სწრაფი და სრული  იმპლემენტაცია გვისახავს გზას მომავლისკენ.

ჩვენ ვიცოდით საქართველოს პოტენციალის, მისი კულტურული რესურსებისა და ზოგადად, მიმზიდველობის შესახებ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ქვეყანა ასე სწრაფად განვითარდებოდა; რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებითა თუ მსოფლიო რეიტინგებით თავს დაიმკვიდრებდა რეგიონში (და არა მხოლოდ რეგიონში); რომ ჩვენი სპორტსმენები მსოფლიო არენას დაიპყრობდნენ და გავხდებოდით  საერთაშორისო მასშტაბის ჩემპიონატების მასპინძლები (ველოდები, რომ 26 მარტს ქართული ფეხბურთიც თავის ადგილს დაიბრუნებს).
ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ ხანმოკლე პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, თავს გააცნობდა მსოფლიოს, და ეს სტატუსი  კითხვის ნიშნისა და ეჭვის ქვეშ არც დადგებოდა; რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე იგი თავის კუთვნილ ადგილს მოიპოვებდა.
რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდები მსოფლიოს უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო შეჯიბრებებში მნიშვნელოვან და საამაყო წარმატებებს აღწევენ.

30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა - სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო.
ამ მიღწევებს ვერც ერთი მთავრობა მთლიანად ვერ მიიწერს, თუმცა, ყველას მიუძღვის წვლილი.
ეს მიღწევები საზოგადოების დამსახურებაა.

მიღწეული გზის შეფასება არ იქნება საკმარისი, თუ არ ვიქნებით თავდაჯერებულები და არ გვექნება საკუთარი თავის რწმენა, ანუ ეროვნული იდეოლოგია - სიტყვა, რომელიც წაგართვეს და  დაგვავიწყეს და რომელიც მყარ ნიადაგზე, წარსულის საფუძველზე მომავლის აშენებას ნიშნავს.
სწორად გააზრებული, გაცნობიერებული ისტორია ედება საფუძვლად ერის მომავალს.
ერთობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ქვეყანამ დაიბრუნოს საკუთარი ღირებულებები, რომლებიც შეკრავს საზოგადოებას და, შესაბამისად, სახელმწიფოს.
ამ იდენტობასა და ღირებულებებზე დგას ქართული ჯარი. ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია. საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს  ღირსების დაცვით - როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 
ახლახან, 25 თებერვალს, ოკუპაციის დღეს,  მოვინახულე ეროვნული თავდაცვის აკადემია და კადეტთა სკოლა. იქ დამხვდა სულისკვეთება, რომლითაც უნდა იზრდებოდეს ახალი თაობა და იკვებებოდეს საზოგადოება.
ჩვენი ღირებულებები უძველეს ქართულ კულტურაზე დგას. სამწუხაროა, რომ ამ უძველესი კულტურის პატრონმა ერმა თითქოს დავივიწყეთ, რა არის კულტურა სინამდვილეში.  კულტურა ხომ არც სხვადასხვა შემოქმედებითი დარგის ერთობლიობაა და არც გართობის ინდუსტრია. ღირებულებები, რომლებსაც ახლა ასე ვივიწყებთ, ქმნიდა იმ უნიკალურ ქსოვილს, რომელმაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში გააძლებინა. 
ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენს კულტურასთან ერთგვარმა გაუცხოებამ მისცა გასაქანი საზოგადოებაში შიშსა და უნდობლობას, შეთქმულების თეორიებს თუ სიძულვილის ენას, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უჩვეულო მოვლენას - ძალადობას ქალთა მიმართ.
გაუცხოების შედეგია რწმენისა და ეკლესიის შელახვის მცდელობები.  თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც თავისუფლება სუფევს, ყველას აქვს აღმსარებლობის არჩევანის უფლება, თუმცა არავის აქვს უფლება, შელახოს ინსტიტუტი, რომელზეც იდგა და დგას საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანობა.
ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: შემწყნარებლობა, ზრდილობა და  სოლიდარობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლის წყურვილიცაა დღევანდელ მსოფლიოში.
სოლიდარობის გარეშე მსოფლიო ვერც ერთ დიდ გამოწვევას ვერ გაუმკლავდება. შემწყნარებლობას ალტერნატივა არა აქვს - ეს იყო  გზავნილი ჰოლოკოსტის სამოცდამეთხუთმეტე წლისთავის აღსანიშნავ ფორუმზე, სადაც 43 ქვეყნის ლიდერები იყვნენ შეკრებილი. საქართველოს შემწყნარებლობის საკუთარი ტრადიცია გააჩნია, რომელიც უნდა გადავარჩინოთ და მსოფლიოს შევთავაზოთ.

თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, საქართველოს აქვს ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე.
ევროკავშირსა და ნატოში ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი არა მხოლოდ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, არამედ ჩვენი ინიციატივებისა და ახალი იდეების წარდგენით. კიბერუსაფრთხოება, უსაფრთხო შავი ზღვა და  მისი ცენტრალურ საკომუნიკაციო არეალად გადაქცევა ასეთი საკითხებია. გაწევრიანებასთან ერთად, ჩვენი მიზანია, დღეს ნატოსა და ევროკავშირში უფრო აქტიურ მოთამაშედ ვიქცეთ.
თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, გამოწვევებთან გამკლავებასაც შევძლებთ.
ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ამ ნაბიჯების მიღმა უნდა მოვემზადოთ უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის. აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს - პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში; პერსპექტივა, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ - კეთილდღეობისკენ. გზას საკუთარი ენისა და კულტურის გადარჩენისკენ, თვითმყოფადობის გამყარებისკენ.
თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება. 
თუ რუსეთი ოკუპაციას იყენებს იმისათვის, რომ საქართველო თავისი გეზიდან გადაიყვანოს  და მიზანზე უარი ათქმევინოს, ეს შედეგი ვერ იქნება მიღწეული. თუ მისი მიზანია, საქართველოსთან და მთელ რეგიონთან ახალი მეზობლური ურთიერთობები დაამყაროს, ეს ყველას ინტერესშია. მაგრამ ახალი ურთიერთობა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოსა და მისი თავისუფალი არჩევანის პატივისცემას. მოითხოვს დეესკალაციას. მოითხოვს დეოკუპაციას.
ჩვენ კი, ალბათ, გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი პოზიციების წარმოჩენა ჩვენს პარტნიორებთანაც და რუსეთთანაც. და ეს ხაზგასმით უნდა ითქვას და გავიგოთ: ეს ნაბიჯები არც დათმობას ნიშნავს, არც შეგუებას და, მით უმეტეს - გარიგებას.  ნებისმიერი საკითხი, რომელიც ძალადობრივი გზით ვერ და არ გადაწყდება, მოითხოვს გონიერებას, გამბედაობასა და წითელი ხაზის გავლებით წინსვლას, და, რაც მთავარია, საზოგადოების ერთსულოვნებას.
როცა ვიცით, რომ  მავთულხლართების ყოველი გადმოწევა და ყოველი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზზე მიზნად ისახავს ჩვენს გამოწვევას,  არ შეიძლება, ოკუპაციის საკითხი გამოყენებული იყოს შიდა ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. არ შეიძლება, ერთმანეთს ბრალს ვდებდეთ არასათანადო რეაგირებაში.
ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, რომელიც ასეთი გამოწვევის წინაშე დგას, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთი მიზნის ირგვლივ ერთიანდება.

მიგრაცია ამ ეპოქის დიდი გამოწვევაა და ჩვენ იგი განსაკუთრებით მტკივნეულად გვეხება. იგი არ არის გამოწვეული - როგორც ჩვენ გვგონია - მხოლოდ უმუშევრობით. კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, მაგრამ, ამავე დროს, პროფესიონალების დეფიციტია, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. ამ ორი ტენდენციის ერთგვარად დაბალანსება, ანუ პროფესიონალიზმის ამაღლება და საკუთარი ძალების მოზიდვა უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი. გვჭირდება დიასპორასთან უწყვეტი კავშირი და არა იქ ჩვენი ვიწრო პოლიტიკური დაპირისპირების გადატანა.   ხომ ცხადზე  ცხადია, რომ სოციალური მდგომარეობის გარდა, მიგრაციის ერთ-ერთი მკვებავი სწორედ აგრესია, შეურაცხყოფა და სიძულვილია. სწორედ  ეს აგრესიაა, რაც ჩვენს ახალგაზრდებს აქედან წასვლისკენ უბიძგებს. 

ჩვენი მომავალი არის ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული, გაერთიანებული საქართველო. ეს, ამავე დროს, ნიშნავს იმას, რომ უნდა დავძლიოთ დღევანდელი მტკივნეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. ამას სჭირდება მეტი ინიციატივა და მეტი სოლიდარობა ეკონომიკაში. ულტრალიბერალიზმის მახინჯი ფორმები ყველგან, და მათ შორის ჩვენთანაც, გადაფასებას ითხოვს. ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რაც ჩვენთვის ბუნებრივი და ტრადიციულია: ესაა შემოქმედებითი წარმოება - რისი მაგალითიც ღვინის წარმოებამ უკვე მოგვცა და რომელსაც დღევანდელ მსოფლიოში უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ამ ახალ ეკონომიკურ საწყისებში ჩვენი დიასპორის ჩართვა აუცილებელია, და ამისათვის ახალი ფორმები უნდა მოინახოს.
ახალ ეკონომიკაში არ უნდა დავივიწყოთ ერთ-ერთი მთავარი ქართული ღირებულება - სოლიდარობა; სოლიდარობა თაობათა შორის, სოლიდარობა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს არის  განვითარების ის გზა, რომელიც საქართველოს საქართველოსთან დააბრუნებს.

დაბოლოს, ამ სიტყვას ვერ დავამთავრებ ისე, რომ არ შევეხო საარჩევნო სამზადისთან და შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კონსტიტუციით დადგენილი ჩემი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, მე არ ვაპირებ პოლიტიკურ ჭიდილში ჩაბმას; არც ერთ მწვავე პოლიტიკურ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებას. არა იმიტომ, რომ საკუთარი მოსაზრება არ გამაჩნია, ან ვინმეს მეშინია, არამედ იმიტომ, რომ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ზეპარტიული პრეზიდენტი პარტიებსა და საზოგადოებას  საკუთარ აზრებს მთავს  არ მოახვევს.
თუმცა, ეს არ გამორიცხავს პრეზიდენტის პოლიტიკურ როლს ქვეყნის სტაბილურობისა და საზოგადოების დამშვიდების ხელშეწყობაში. ამ მიზნით საპრეზიდენტო პლატფორმა არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, - რათა არ შეწყდეს დიალოგი. თუ ამის საჭიროება დადგება, ეს წინადადება ძალაშია.  დღეს იმედიანად ვარ, რამეთუ ბოლო დღეებში პოლიტიკური შეთანხმებისკენ ნაბიჯები იდგმება. თუმცა, საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამ დროს ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია.
ყველას გვეკისრება პასუხისმგებლობა, მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და საკუთრივ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში. 
ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კორექტული თამაშის წესები, რაც გულისხმობს ინსტიტუტების პატივისცემას და პირადი შეურაცხყოფისგან თავშეკავებას.
ჩემი მოვალეობაა, მაქსიმალურად  ვეცადო, ამ დაპირისპირებამ არ დააზიანოს საქართველოს ინტერესები (გარეთ) და საფრთხე არ შეუქმნას სტაბილურობას (შიგნით).
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვაობა, თუნდაც, მწვავე ოპონირება  ბუნებრივი მოვლენაა, მით უმეტეს - საარჩევნო პერიოდში. თუმცა, ჩვენს პირობებში, როცა ქვეყანა რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, მისი ტერიტორიის 20 %-ი კი ოკუპირებულია, მეტი სიფრთხილე გვმართებს.  არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ გამოიწვიოს კრიზისი ან დესტაბილიზაცია. 
ამიტომ, დაუშვებელია, ოკუპაციის თემა გახდეს პოლიტიკური სპეკულირებისა და ნიშნის მოგების საგანი.
ამიტომ, სრულიად მიუღებელია პირადი თუ პოლიტიკური ამბიციებისა და ინტერესების გამო ქვეყნის კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება - მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთი უმძიმესი ბრალდება არ ეფუძნება არც ერთ ფაქტს: არც - პოლიტიკურს, არც - ეკონომიკურს, არც - სამართლებრივს. ასეთი ბრალდება ერის წარსულისა და მისი ერთსულოვანი არჩევანის შეურაცხყოფაა.
პირადად მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, არ დავუშვებ ცილისწამებას, რომელიც სწორედ საქართველოს (და არა ცალკეულ პოლიტიკურ ძალას) უთხრის ძირს. მე იმ ქვეყნის პრეზიდენტი არც ვარ და არასოდეს ვიქნები, რომელიც კურსს შეცვლის და  საკუთარ არჩევანს, კონსტიტუციაში გაცხადებულ მიზანს გადაუხვევს. ამაში ყველას შეგიძლიათ, იყოთ დარწმუნებული.
ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც  უნდა დაგვირგვინდეს დეოკუპაციით, სახელმწიფოს გაერთიანებითა და საქართველოს თავის ევროპულ ოჯახში ღირსეულ წევრად დაბრუნებით, ჩვენს თაობას აქვს ერთი ვალდებულება - დაძლიოს პოლარიზაცია. მხოლოდ ერთიან საზოგადოებას შეუძლია ამ გზის ბოლომდე გავლა.
ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა მათ წინაშე, ვინც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა.

Add to Twitter Add to Facebook