მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა 2019 წლის ეროვნული პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიაზე

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა 2019 წლის ეროვნული პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიაზე

მოგესალმებით, 

პატივცემულო მთავრობის წარმომადგენლებო,

პატივცემულო საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის წევრებო,

პატივცემულო საზოგადოებავ!
 

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ეროვნული პრემიის მინიჭების საშუალება მეძლევა.
 

საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭება და მისი გადაცემის ცერემონია ჩვეულებრივი მოვლენა არ არის! 

ეს არა მხოლოდ ქართული მეცნიერების ზეიმი და ჩვენი განთქმული მეცნიერების კიდევ ერთი აღიარება, არამედ ეს ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და წარმატების უტყუარი ნიშანია.

ეს ის მოვლენაა, რომელიც ახალგაზრდა თაობას იმედით ავსებს; რომელიც გვიძლიერებს რწმენას, რომ საქართველო დიდი შესაძლებლობების, უნიკალური ადამიანური რესურსებისა და პოტენციალის ქვეყანაა.
 

ეროვნული პრემიის მინიჭება და მისი ლაურეატების დაჯილდოება ყველაზე ზუსტი და დროული პასუხია ჩვენს საზოგადოებაში ხშირად დასმულ კითხვაზე - „რა გვეშველება?“; პასუხია ლევან გოთუას დამწვარ წიგნზე; პასუხია უიმედობაზე.
 

გვეშველება, დიახ. რამეთუ, ჩვენ ყველა დარგში უძლიერესი, მსოფლიო დონის მეცნიერები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათი სამუშაო პირობები უცხოელი კოლეგებისას ჩამოუვარდება, მათ საქართველოს ღირსეული სახის საუკეთესოდ წარმოჩენა შეუძლიათ და მას აღწევენ კიდეც.
 

სახელმწიფო პრემია 1995 წელს დაარსდა, შემდეგ იგი გაიმიჯნა და დაწესდა ეროვნული პრემია, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიები.

სახელმწიფოს საშუალება ეძლევა, დააფასოს და ფართო საზოგადოებას  სხვადასხვა დარგში მოღვაწე მეცნიერები გააცნოს.
 

ეროვნული პრემია ორ მეცნიერს გადაეცემა. წელს 19 განაცხადი შემოვიდა. კომისიამ, სრულიად დამოუკიდებლად, მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ ნაშრომებს, თუმცა შერჩევა აუცილებელია და გამოვლინდა ორი გამარჯვებული მეცნიერი: პროფესორი რამაზ გახოკიძე და პროფესორი ზაალ კოკაია, რომლებსაც დღეს ვაჯილდოებთ.
 

აღსანიშნავია, რომ ბატონი რამაზი საქართველოში მოღვაწეობს, სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგეა და ამავე დროს, ამერიკის ქიმიური საზოგადოების ნამდვილი წევრი და ევროპული ეკოლოგიური კომიტეტის წევრია. 
 

ამით ჩანს, რომ ქართული მეცნიერება ძლიერადაა ინტეგრირებული მსოფლიო კვლევებსა თუ აღმოჩენებში და მისი განუყოფელი ნაწილია. 
 

მეორე დაჯილდოებული მეცნიერი, ბატონი ზაალი, შვედეთში მოღვაწეობს. ის ევროპაში დაფასებული და აღიარებული მეცნიერია. იგი წლების განმავლობაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მასშტაბურ პროექტებს ხელმძღვანელობდა. მისი ნაშრომები მედიცინის სფეროში დაზიანებული ტვინის რეგენერაციის პროცესს ეძღვნება. და სწორედ ამ დარგში, რომელიც მედიცინაში დღეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, ზაალ კოკაია ძალიან წარმოჩენილი და წარმატებულია. ამავდროულად, იგი თბილისში, უნივერსიტეტში ასწავლის და თვითონაც ევროპისა და საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
 

ჩვენი წლევანდელი ლაურეატები წარმოადგენენ იმ სფეროებს, რომლებიც დღეს მსოფლიო პრიორიტეტადაა გამოცხადებული. 

ამ ნაშრომებით ჩვენი მეცნიერები საქართველოს იმ ქვეყნებს შორის აყენებენ,რომლებმაც ამ უმნიშვნელოვანეს დარგებში დიდ წარმატებებს მიაღწიეს.
 

სიამაყე და ჩვენი ქვეყნის მომავლის რწმენა, რომელიც თან ახლავს თქვენს წარმატებებს და მათ აღიარებას,საუკეთესო მოტივაციაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ მომავალს თვალი თამამად გაუსწორონ, თქვენ დღეს მათთვის ძალიან საჭირო მაგალითი ხართ.
 

დღეს, როცა ჩვენ ამ ჯილდოებს გადავცემთ და ჩვენს ლაურეატებს ამ დიდ გამარჯვებას ვულოცავთ, არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გავიმეორო, თუ რამდენად სჭირდება ჩვენს ქვეყანას თითოეულ დარგში მიღწეული წარმატების გაერთიანება, ყველა მიმართულებით ჩვენი კვლევების შეჯერება და მთლიანობაში დანახვა იმისა, რომ საქართველომ დაიბრუნა თავისი, როგორც ქართველოლოგიის, ქართული მეცნიერების და კავკასიური სწავლებების კერის ფუნქცია. ამის განსახიერებაა ქართველოლოგიური ცენტრის აღდგენის იდეა, რომელზეც ჩვენ, სხვადასხვა ინსტიტუტებიდან ერთად, ვმუშაობთ.
 

ჩვენ საზოგადოებას ყველაზე მეტად წარმატებული მაგალითები და თვითდაჯერება სჭირდება. ამას წარმოადგენთ თქვენ, ამ წლის ლაურეატებო!
 

ნიშანდობლივია, რომ დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ ორ, ისეთ დარგსა და მიმართულებას, რომელიც ქართული წარსულიდან დღემდე  მოგვყვება - მედიცინა (ტყუილად არა ვართ მედეას სამშობლო) და ეკოლოგია (ბუნების დაცვა და მასთან თანაარსებობა, ანუ ვაჟას სწავლება) და მგონია, რომ ეს ძალიან სიმბოლურია. მივესალმები კომისიის დღევანდელ არჩევანს. 
 

მსურს ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მივულოცო ჩვენი მეცნიერების ეს წარმატება.

Add to Twitter Add to Facebook