მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჰუმბოლდტის კლუბის აქტიურობა ბუნებრივია, რადგან განათლების სფეროში გერმანულ-ქართული ურთიერთობები საკმაოდ დიდ დროს ითვლის და ქართული საგანმანათლებლო სისტემა გერმანულ საგანმანათლებლო სისტემას ეფუძნება.
​პრეზიდენტის განცხადებით, ბევრი ქართველი, წლების განმავლობაში, სწავლობდა გერმანულ უნივერსიტეტებში, ამიტომ ეს კავშირები ძალიან ღრმაა.
,,თუ სადმე არის ქვეყანა, რომელიც თავისი კლიმატით, ბუნებით და ენით ბიომრავალფეროვნების მცირე მოდელს წარმოადგენს - ეს საქართველოა.
თუ არსებობს ქვეყანა, რომელსაც დღეს სჭირდება თანამედროვე და სრულყოფილი მიდგომა - ეს საქართველოა. მისასალმებელია, რომ ამ საერთაშორისო კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები თანამშრომლობენ მეცნიერულ, კულტურულ და საგანმანათლებლო დონეზე.
ამ სახის თანამშრომლობის გარეშე, იზოლირებულ, მცირე წრეებში განვითარება ვერ მოხერხდება. ეს საქართველოს ძალიან კარგად ესმის, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე ვერ განვვითარდებით ისე, როგორც საჭიროა და როგორც შეგვიძლია. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ასეთი ფორუმები, კონფერენციები.
ჩვენ გვჭირდება ეს გაცვლა, რომლიდანაც დარწმუნებული ვარ, საჭირო პროგრესს მივიღებთ. 
საქართველოსათვის მნიშვნელოვანია მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს ყველა მნიშვნელოვან განვითარებაში, რაც დღეს ევროპაში მიმდინარეობს.
საქართველო მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ამ განვითარებებში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კონფერენცია, რომელიც ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის დაბადებიდან 250 წლის იუბილეს და მსოფლიოს ბიოკულტურულ ენობრივ-პოლიტიკურ მრავალფეროვნებას ეძღვნება, მონაწილეობენ: სამხრეთ კავკასიის (აზერბაიჯანი, სომხეთი), შავი ზღვის აუზის (ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა) რეგიონის ყველა ქვეყნის წარმომადგენლები, ასევე, დასავლეთ ევროპის (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი), სამხრეთ ევროპისა (საბერძნეთი, სერბეთი) და აზიის (იაპონია, ინდოეთი) წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტს ღონისძიებაზე ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტმა, პროფესორმა ალექსანდრე კარტოზიამ უმასპინძლა.

Add to Twitter Add to Facebook