მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საჯარო ინფორმაცია | სამართლებრივი აქტები | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება N 2

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება N 2

N 2      2020 წლის      21 აპრილი      ქ. თბილისი
 
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ
 

2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, ქვეყანაში ადამიანთა დაინფიცირების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ვირუსის მასობრივი გავრცელების მაქსიმალურად შეჩერებისა და მისი ეფექტიანი მართვის შენარჩუნების, ასევე „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 ბრძანებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, რათა სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1.         „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით.

2.         ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის.

3.         საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი ბრძანება დაუყოვნებლივ გამოცხადდეს საქვეყნოდ, ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით და მისი ტექსტის გადაცემა მოხდეს მთელი დღის განმავლობაში.

4.         საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი ბრძანება დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

5.         საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

6.         ეს ბრძანება ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
 
 
სალომე ზურაბიშვილი
 
 
პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი გახარია
 

 



საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება N 2