კულტურა
საქართველო უძველესი, მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი კულტურის ქვეყანაა, რაზეც მიანიშნებს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში შექმნილი კულტურის ძეგლები და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე, არსებულ ქართული სახელმწიფოებში (იბერია, კოლხეთი) განვითარებული იყო ოქრომჭედლობა და არქიტექტურა, (ვანი, უფლისციხე), ენეოლითის ხანაში ქართველი ტომები აწარმოებდნენ ლითონს. ბერძნული წყაროების და მითების მიხედვით კი, კოლხეთი ოქროთი მდიდარი ქვეყანა იყო.
სხვადასხვა ისტორიული პერიოდების განმავლობაში ქართულ კულტურულ ტრადიციებს უცხო ქვეყნების ტრადიციები ერწყმოდა, რაც უფრო მეტად ამდიდრებდა ადგილობრივ კულტურას.
საქართველო გამორჩეულია მრავალფეროვანი არქიტექტურული ნაგებობებით, რომლებიც ქვეყნის საგანძურადაა ქცეული. დიდსა და პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში მრავლადაა უნიკალური სტილის არქიტექტურული ტაძრები, რთული დეტალებითა და გასაოცარი ფრესკებით. დღემდე შემორჩენილია პირველ ათასწლეულში ნაგები ეკლესია-მონასტრები, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ძალზე განვითარებული იყო სამშენებლო ტექნოლოგია.
მე-19 საუკუნის მიწურულს ევროპაში მოდერნიზმის განვითარებამ ქართულ არქიტექურაზეც მოახდინა გავლენა. თბილისისა და ბათუმის ქუჩები სწორედ ამ სტილში იქმნებოდა, რაც ერწყმოდა საბჭოთა ეპოქაში აშენებულ შთამბეჭდავ შენობებს.
ქართული კულტურის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთის და დასავლეთის ცივილიზაციებმა. ამ ორი ცივილიზაციის შერწყმით საქართველომ ინდივიდუალური ეროვნული კულტურა შექმნა. ამ პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულა ხატწერამ, ფერწერამ და მინანქარმა. რაც შეეხება ტიხრულ მინანქარს, ეს მიმართულება საქართველოში წარმოიშვა და მის სამშობლოდ სწორედ ჩვენი ქვეყანა ითვლება.
მე-19 მე-20 საუკუნეებში ქართველი მხატვრები განათლებას იღებდნენ პარიზსა და სანკტ-პეტერბურგში. მათი წყალობით ქართული მხატვრობის ახალი ფაზა დაიწყო. ელენე ახვლედიანმა, ლადო გუდიაშვილმა და დავით კაკაბაძემ ქართულ ფერწერაში კუბიზმისა და იმპრესიონიზმის სტილი შეიტანეს. აქვე უნდა აღინიშნოს საყოველთოდ აღიარებული ფერმწერი, პრიმიტივისტი ნიკო ფიროსმანი, რომლის ნამუშევრები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია ხალხური მუსიკა, რომელიც უნიკალურია მსოფლიო მასშტაბით. ქართული ფოლკლორის დამახასიათებელია მრავალხმიანობა, რომელიც ხალხური მუსიკალური აზროვნების მწვერვალს წარმოადგენს. გვხვდება არქაული მუსიკალური აზროვნების პლასტებიც.
შემთხვითი არაა, რომ 2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა.
ქართული ტრადიციული მრავალხმიანობისადმი ინტერესი სულ უფრო მეტად ღვივდება: 2003 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ მართავს საერთაშორისო სიმპოზიუმებს.
გამოჩენილი მეცნიერები, ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, კომპოზიტორები და მუსიკოსები აღიარებენ, რომ განვითარების დონით მსგავსი მრავალხმიანობა, მსოფლიოში არსად არ გვხვდება.
ამერიკელმა ფოლკლორისტმა ალან ლომაქსმა საქართველო მსოფლიო ხალხური მუსიკის დედაქალაქად მოიხსენია. ამერიკელებმა, მისივე რჩევით, დედამიწის ცივილიზაციის გასაცნობად, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიასთან და ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად, კოსმოსში "ჩაკრულო" გაგზავნეს ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებით.
რუსმა მუსიკათმცოდნემ ბორის ასაფიევმა აღნიშნა: "ქართული ხალხური მრავალხმიანი კულტურა უკვე დიდი ხანია აღიარებულია ისტორიულ წვლილად მუსიკის ზოგადსაკაცობრიო დიდ საგანძურში. იგი გვანცვიფრებს და ქედს გვახრევინებს ქართველი ერის მუსიკალური გენიის წინაშე".
ქართული მუსიკალური ფოლკლორი მოიცავს როგორც ხმიერ (ვოკალური), ისე საკრავიერ მუსიკას. საკრავიერი მუსიკა გვხვდება სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტების სახით. ტრადიციული სამხმიანი სიმღერის გარდა, გავრცელებულია ერთი, ორი და ოთხხმიანი სიმღერებიც. ოთხხმიანობა დასავლეთ საქართველოში, გურულ და აჭარულ მუსიკალურ ფოლკლორში გვხვდება.
ქართული მუსიკალური ფოლკლორი გამოირჩევა დიალექტური მრავალფეროვნებით. თითოეული დიალექტი განსაკუთრებულია თავისებური მუსიკალური ენით, თუმცა, ამავდროულად, ზოგადქართული მუსიკალური აზროვნებისთვის დამახასიათებელ კანონზომიერებებს ემყარება.
ქართული მუსიკალური ფოლკლორი ჟანრული მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. კერძოდ, საწესო-საფერხულო, საკულტო, საყოფაცხოვრებო, შრომის, ლირიკული და სხვ.
მეცნიერთა მოსაზრებით, საქართველო არა მარტო მართლმადიდებელ, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიან გალობას დაუდო საფუძველი.
ქართული სასულიერო მუსიკა თავდაპირველად ბიზანტიურ ტრადიციებს ეყრდნობოდა. ბერძნული გალობა ერთ ხმაში სრულდებოდა, ქართული მუსიკალური აზროვნებისთვის კი, სამხმიანი მუსიკა იყო მისაღები. იმისათვის, რომ მრევლისთვის გალობა ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო, საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე, გალობა სამხმიანი გახდა, რამაც განსაკუთრებული თავისებურება შესძინა მას.
საუკუნეების განმავლობაში ქართულმა გალობამ განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, დადგენილია, რომ ეს არის პროფესიული ხელოვნება და არა ხალხური შემოქმედების ნაწილი.
ქართული საგალობელი მხოლოდ და მხოლოდ სამხმიანია. XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ღვთისმსახური და ნეოპლატონიკოსი იოანე პეტრიწი იმისათვის, რომ ახლადგაქრისტიანებული მრევლისთვის სამების არსი განემარტა, ქართულ სამხმიანობას იყენებდა - როგორც სამი ხმა შეიკვრის ჰარმონიულად, ისე განუყოფელია სამების სამი იპოსტასი.
ივანე ჯავახიშვილის კვლევების თანახმად, საქართველოში ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში არსებობდა ქართული მუსიკალური დამწერლობა. თუმცა, სამწუხაროდ, მან ჩვენამდე ვერ მოაღწია. ერთადერთი წყარო მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულია, რომელშიც საგალობლთა ტექსტებს თან ერთვის ნევმები (მუსიკალური ნიშნები).
XIX საუკუნის დამლევს დაიწყო საგალობლების ინტენსიური ჩაწერა, რამაც დაკარგვას გადაარჩინა ასობით უნიკალური ნიმუში. ეს საგალობლები ამჟამად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფონოარქივშია დაცული.
ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1917 წლიდან ფუნქციონირებს. სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი სასწავლებელს 1924 წელს მიენიჭა. კონსერვატორიის პირველ პედაგოგებს შორის იყვნენ ლისტის, ვენიავსკის, მარმონტელის, ჩაიკოვსკის, მოშელესის, კულაუს მოწაფეები, ჯულიარდის სკოლის დამაარსებლები.
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი თვითმყოფი კულტურის ერთგვარი სიმბოლოა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, რომელიც 1851 წელს გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა. ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ოპერის თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა, ფასადით და შიდა ინტერიერით იმხანად არსებულ ევროპის თეატრებს შორის არქიტექტურული იერით გამოირჩეოდა. გახსნის დღიდან თეატრი მასპინძლობდა დასავლეთ ევროპისა და სხვა ქვეყნების საოპერო თუ საბალეტო დასებს. საგასტროლოდ ჩამოსულ ხელოვანებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მონსერატ კაბალიე, ფერუჩო ფურლანეტო, ხოსე კარერასი, მანუელ ბელტრანი, ბარი ანდერსონი, ელენა ობრაზცოვა; მოცეკვავეები ანდრეი უვაროვი, სერგეი ფილინი, იგორ ზელენსკი, ანხელ კორელა, მარია ალექსანდროვა, სებასტიან კლობორგი და სხვ.
2004 წლიდან თბილსისი საბალეტო დასს სათავეში ჩაუდგა მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელმაც კლასიკური ქორეოგრაფია სხვადასხვა ქორეოგრაფიული სტილითა და მიმდინარეობით გაამდიდრა.
1960 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქუთაისის ფილიალი შეიქმნა, რომელიც 1990 წლიდან დამოუკიდებელ საოპერო თეატრად ჩამოყალიბდა და მას დიდი ქართველი კომპოზიტორის მელიტონ ბალანჩივაძის სახელი მიენიჭა. 2010 წელს შენობის რეაბილიტაციის შედეგად, ფასადი და შიდა ინტერიერი სრულიად შეიცვალა. ბალანჩივაძეების სახელობის ქუთაისის ოპერის სახელმწიფო თეატრი და მუსიკალური დარბაზი ახლა ვენის ოპერის მცირე ანალოგია.
ბათუმის ხელოვნების ცენტრი, რომელიც 2011 წლის 15 აგვისტოს გაიხსნა, გასაკუთრებული არქიტექტურული სტილით გამოირჩევა. მოქმედი შვიდი შადრევანი, რომლებიც შენობის ექსტერიერსა და ინტერიერს ამშვენებს, ზღაპრული სამყაროს შთაბეჭდილებას ქმნის. შენობის დიზაინი და არქიტექტურა ქართველ არქიტექტორს ლადო ხმალაძეს ეკუთვნის.
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი არსებობის 85 წელს ითვლის. 1926 წელს დაარსებული თეატრი დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს - არის ედინბურგისა და იერუსალიმის ფესტივალების მონაწილე, მიწვეული იყო მიუნხენში. 2010 წელს ხორვატიის საერთაშორისო ფესტივალზე უილიამ შექსპირის "მაკბეტით" წარდგა და ცხრა ნომინაციაში დაჯილდოვდა. ორ წელიწადში თეატრი ახლადგაშენებული რიყის პარკის მიმდებარედ აგებულ შენობაში დაიდებს ბინას და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივთათვის, ისე დედაქალაქის სტუმრებისთვის. მუსიკისა და დრამის თეატრის შენობის პროექტი იტალიელ არქიტექტორს მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე მდებარეობს, 1878 წელს დაარსდა. თეატრი უნიკალურია როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაში როკოკოს სტილის მრავალი ელემენტია გამოყენებული. მის სცენაზე დადგმული სპექტაკლები მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. რუსთველის თეატრმა მონაწილეობა მიიღო ედინბურგის, ავინიონის, სერვანტინოს, ათენის, ბერლინის, მილანის, იერუსალიმის, ადელაიდას, სტამბულის, ჩეხოვის, რეიკიავიკის, ბრატისლავას, შექსპირის XI და სხვა სართაშორისო ფესტივალებში.
ქართული კულტურის ასევე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ეროვნული ცეკვა. თითოეულ კუთხეს მისთვის დამახასიათებელი ცეკვა აქვს, რომელშიც კარგად ჩანს ამა თუ იმ კუთხის ტრადიციები, თავისებურებები და ადგილობრივთა ხასიათი. ქართული ხალხური ცეკვა ერთგვარ შოუს წარმოადგენს მაღლა ატყორცნილი ხმლებით, ჰაერში "მფრინავი" ვაჟკაცებით, "კეკლუცი" გოგონებით, არაჩვეულებრივი კოსტიუმებითა და უნიკალური რიტმით - ამის ნახვა მაყურებელს არასდროს ბეზრდება. ქართული ცეკვის ანსამბლებს საქვეყნოდ აქვთ განთქმული სახელი. მაგალითად, ქართული ნაციონალური ბალეტი - ანსამბლი "სუხიშვილები" უკვე არსებობის ას წელს ითვლის. ასევე, მთელ მსოფლიოშია ცნობილი ანსამბლები "ერისიონი", "რუსთავი", "ნაბადი" და მრავალი სხვა.
ქართულ ხალხურ ცეკვებს განსაკუთრებული კოსტიუმები აქვს, რომელიც, თავის მხრივ, უძველეს ეროვნულ სამოსს წარმოადგენს. მისი განუყოფელი ნაწილი იყო თავსაბურავიც. ტრადიციული ქართული სამოსი საქართველოს ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ელემენტებით გამოირჩეოდა. ყოველი ნიმუში განსხვავებულია და განსაკუთრებული ტექნიკით იკერება. თითოეულ მათგანში გათვალისწინებულია ამა თუ იმ რეგიონის ეთნოგრაფიული ყოფა, გეოგრაფიული მდებარეობა და, შესაბამისად, კლიმატური პირობებიც. არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ სამოსელის დასამზადებლად, ქართველები უძველესი დროიდან იყენებდნენ სელის, კანაფისა და მატყლის ქსოვილებს, დასამაგრებლად და მოსართავად კი - ღილებს, ხრიკებს, ქინძისთავებს, ბალთა-აბზინდებს და სხვა.
|