საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

ადმინისტრაცია | საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

გიორგი აბაშიშვილი
site2.jpgგიორგი აბაშიშვილი დაიბადა 1984 წლის 11 აგვისტოს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი. 2007 წელს მიენიჭა მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ეკონომიკისა და ბიზნესის პროგრამა). 2007-2013 წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამაში: ჰოლანდიაში - მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლაში, სტრასბურგში - ევროპის საბჭოს პოლიტიკურ სკოლაში, ბერლინში - ფრიდრიხ ებერტის ფონდში და ვარშავაში - რობერტ შუმანის ფონდში. 2013 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.
 
შრომითი საქმიანობა დაიწყო 2004 წლიდან. მუშაობდა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში (წევრი). იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე, ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის კოორდინატორი და  მკვლევარი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მოგვიანებით დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი“ და იყო მისი აღმასრულებელი დირექტორი. 2005-2012 წლებში, როგორც მოწვეული ექსპერტი, ტრენერი ან პროექტის კონსულტანტი, თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორისაა: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი (FNF), ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, კონრად ადენაუერის ფონდი (KAS), ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD), ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ (OSGF), VVD International და სხვები.
 
გიორგი აბაშიშვილი არის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში არაერთი სამეცნიერო ნაშრომის, კვლევისა და ანალიტიკური სტატიის ავტორი, ეკონომიკური პროფილის სხვადასხვა ლიტერატურის ქართული თარგმანის რედაქტორი. 2005-2013 წლებში მონაწილეობდა ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებზე გამართულ არაერთ საერთაშორისო ფორუმსა და კონფერენციაში ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, პოლონეთში, სლოვაკეთში, უკრაინასა და სომხეთში. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
 
2014 წლის 30 მაისიდან გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში, 2015 წლის 13 იანვრიდან - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, პარალელურად, 2015 წლის 5 ნოემბრიდან - საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსად.
 
2015 წლის 4 დეკემბერს გიორგი აბაშიშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად.
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
 
ჰყავს მეუღლე და შვილი.