საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი


თენგიზ ფხალაძე - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი

თენგიზ-ფხალაძე.jpgთენგიზ ფხალაძე დაიბადა 1973 წლის 14 ივლისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 2012 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტი.
 
1992-2004 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე სახელმწიფო სამსახურში, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელად, სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებულის მოადგილედ მცხეთა-მთიანეთის მხარეში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელად, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
 
2008-2014 წლებში თენგიზ ფხალაძე ხელმძღვანელობდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს. მისი ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით განხორციელდა არაერთი კვლევა ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. ამავე პერიოდში ხელმძღვანელობდა ეროვნული უსაფრთხოების სპეციალურ კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისა და გენერალური შტაბის ოფიცრებისათვის.
 
2010 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. მაგისტრატურის საფეხურზე მიჰყავს მოლაპარაკების ხელოვნებისა და დიპლომატიური პროტოკოლის სასწავლო კურსები. 2014 წლამდე კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 
თენგიზ ფხალაძე არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რუსეთის „რბილი ძალის“, ასევე საერთაშორისო ურთიერთობისა და უსაფრთხოების აქტუალური საკითხების შესახებ რამდენიმე წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი. არის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობის სამეფო ინსტიტუტისა და აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წევრი. მონაწილეობდა 50-მდე საერთაშორისო ფორუმსა და კონფერენციაში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
 
2014 წლის 19 ივნისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად - საგარეო ურთიერთობათა მდივნად.
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და შვილი.